არჩევნები 2016

Gorbi-ს დირექტორი: ნიკა ნათელაშვილისა და შალვა გვარამიას ნათქვამები არასერიოზულია

მერაბ ფაჩულია
ტაბულა

ორგანიზაციებმა, რომლებმაც 4 მაუწყებლის დაკვეთით 8 ოქტომბერს ეგზიტპოლი უნდა ჩაატარონ, პრეზენტაცია გამართეს. TNS-მა და Gorbi-მ ეგზიტპოლის მეთოდოლოგიასა და დეტალებზე ისაუბრეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მედიასთან შეხვედრას მხოლოდ იმედის, GDS-ისა და მაესტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი ტაბულასთან წერილობით ამბობს, რომ TNS-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება და ამ დროისთვის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეგზიტპოლი არჩევნების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება - 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე ცნობილი გახდება როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით მიღებული შედეგები.

საველე სამუშაოებს ქართული კომპანია Gorbi ჩაატარებს. ორგანიზაციის დირექტორი მერაბ ფაჩულია კონტრაქტის საერთო ღირებულებას, 937 635 ამერიკული დოლარს ადეკვატურ ფასად მიიჩნევს. ის ასევე დარწმუნებულია, რომ ეგზიტპოლის შედეგები ცესკო-ს საბოლოო მონაცემებთან ახლოს იქნება.

"საბოლოო შედეგები გამოცხადდება ცესკო-ს მიერ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეგზიტპოლი იქნება ძალიან ახლოს საბოლოო შედეგებთან. იდეაში, GFK-ის ეგზიტპოლიც უნდა იყოს ძალიან ახლოს ოფიციალურ რეზულტატთან", - ამბობს ფაჩულია. როგორც ცნობილია, გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GFK ეგზიტპოლს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ატარებს.

მერაბ ფაჩულია Gorbi-ს მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკასა და უნდობლობასაც გამოეხმაურა.

"თქვენ თუ საუბრობთ ნიკა ნათელაშვილსა და შალვა გვარამიაზე, მე და ისევე როგორც თბილისელები ყოველთვის ტოლერანტულად ვართ განწყობილი ქალაქის კოლორიტების მიმართ, თუ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევენ. მათი გამონათქვამები არასერიოზულია. პირველი სტატია არის 1990 წელს ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით - კედელზე გვაქვს გაკრული, და რამდენიმე ასეთი სტატია, სადაც ჩვენ გვლანძღავენ, გვაბრალებენ შევარდნაძეზე, სააკაშვილზე მუშაობას, ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილზე. ის ხალხი, ვინც გვაბრალებდა, ზოგი გარდაიცვალა, ზოგი დეპუტატია, ზოგი ვერ ჩამოდის საქართველოში, ჩვენ 27 წელია აქ ვმუშაობთ", - თქვა ფაჩულიამ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეგზიტპოლის შეკვეთაში ჩართულობის საკითხს, ეს ფაქტი არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არამედ თავად მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ზოგიერთმა წევრმაც გააკრიტიკა. სხვა ტელევიზიებთან ერთად ეგზიტპოლის მომზადებას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. სულხან სალაძის თქმით, მისთვის მიუღებელია ეგზიტპოლის ჩატარება რომელიმე კერძო ტელეკომპანიასთან ერთად. სალაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ეს საზოგადოებრივ მაუწყებელს "დადებით იმიჯს არ შესძენს".

აღსანიშნავია, რომ მერაბ ფაჩულია ტრიმედია ინთელიჯენსის მეწილეა, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს იმედისთვის, მაესტროსთვის, GDS-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ზომავს.

კომენტარები