საქართველოს ეკონომიკა

საქსტატი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11%-ით გაიზარდა

REUTERS

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $834 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. შემოსული ინვესტიციების 84% ათ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანაზე მოდის. ინვესტიციების 33%-ით ($283 მილიონით) პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობას უკავშირდება. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • 10) აშშ - $22 მილიონი
  • 9) კვიპროსი - $22.2 მილიონი
  • 8) ავსტრია - $22.4 მილიონი
  • 7) პანამა - $30 მილიონი
  • 6) სამხრეთი კორეა - $32 მილიონი
  • 5) ჩეხეთი - $38 მილიონი
  • 4) ნიდერლანდები - $42 მილიონი
  • 3) თურქეთი - $85 მილიონი
  • 2) გაერთიანებული სამეფო - $108 მილიონი 
  • 1) აზერბაიჯანი - $283 მილიონი


ფოტო: საქსტატი

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ წლის პირველ ნახევარში $377 მილიონი ჩაიდო, შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი ($118 მილიონი) და ენერგეტიკა ($85 მილიონი). ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2014 და 2015 წლებში მცირდებოდა, თუმცა 2016 წლიდან შემცირება ზრდამ შეცვალა. 

რამდენიმე სექტორში ინვესტიციების კლება შეიმჩნევა. 2015 წლის პირველ ნახევარში სამთომომპოვებელ სექტორში $64 მილიონი ჩაიდო, წელს კი სექტორში ჩადებული ინევსტიციების მოცულობა $23 მილიონია. დამამუშავებელ მრეწველობაში გასული წლის პირველ ნახევარში $36 მილიონი ჩაიდო, წელს კი ინვესტიციებმა $31 მილიონი შეადგინა. უმსხვილესი ინვესტორების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა). ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება. გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც. 

2016 წლის პირველ ნახევარში შემომავალი ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა $2 მილიარდი. ბიზნესმენების მიერ გადახდილმა ვალდებულებებმა, ანუ საქართველოდან უცხოეთში გადინებულმა თანხამ კი - $1.2 მილიარდი შეადგინა. ინვესტიციების შემადგენელი ნაწილია ასევე რეინვესტირებაც, რაც წელს $200 მილიონს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები