ქრთამი

ქრთამის გამოძალვისთვის იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ ჭ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, მოქალაქე ჯ.ჯ. დააკავეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი მოქალაქე - ბ.უ. მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით ქუთაისში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში დაიბარეს.

"პოლიციის შენობაში ყოფნის დროს, მოწმის სახით დაბარებულ ბ.უ.-ს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა შეხვდა, რომელმაც აღნიშნულ მოქალაქეს, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა. მიმდინარე წლის აგვისტოში, ქუთაისში, ბ.უ. შეხვდა გიორგი კაჭარავას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელ ზურაბ ჭ.-ს, რა დროსაც, გიორგი კაჭარავას მითითებით, ზურაბ ჭ.-ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა.

ორი დღის შემდეგ, ბ.უ. ისევ შეხვდა გიორგი კაჭარავას და ზურაბ ჭ.-ს, რომლებმაც, პროკურატურის სახელით, მისი ახლობლის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ჯ.ჯ.-სთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად, ოფიციალურად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმის სახით, 30 000 ლარი, ხოლო დამატებით, არაოფიციალურად, ქრთამი მოითხოვეს", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გიორგი კაჭარავამ და ზურაბ ჭ.-მ ბ.უ.-ს გამოსძალეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც ორივე მათგანი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ 19 აგვისტოს დააკავეს კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარებასა და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვას ედავებიან.

კომენტარები