რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს გასაჯაროებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსთავი 2-ის მტკიცებით, დგინდება, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის მფლობელი არასდროს ყოფილა.
გვარამიას თქმით აღნიშნული დოკუმენტი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე დავას სრულიად ცვლის.
"მიმდინარე დავისთვის ცვლის ყველაფერს. იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად, იმასთან ერთად, რომ ამ დოკუმენტის გარეშეც ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა, აბსოლუტურად უკანონოა და მისი დაკანონება წარმოუდგენელი იყო და პირველმა ორმა ინსტანციამ ეს იკადრა. ამან სასამართლო სისტემა დარტყმის ქვეშ დააყენა, ის ნდობის მინიმალურ მაჩვენებელზეა დასული, ეს პირველ რიგში რუსთავი2-ის საქმის დამსახურებაა. ამ დოკუმენტით უკვე ფორმალურადაც შეუძლებელი ხდება ქიბარ ხალვაშს რამე მივაკუთვნოთ, პრაქტიკულად იურიდიული ინტერესი ვერ ექნება.
ამ დოკუმენტით ჩანს, რომ ის იყო ფიქტიური შემძენი, მას არ ჰქონდა არავითარი სამართლებრივი უფლებები. ის ვისგანაც ფიქტიური შემძენი იყო დღეს მისი მოკავშირეები არიან, დვალს და აქიმიძეს ვგულისხმობ, მათაც დაკარგული აქვთ იმიტომ რომ ხანდაზმულია მათი მოთხოვნა. ყველა მოთხოვნა ხანდაზმულია. შესაბამისად მოდავების უფლება არცერთ ცოცხალ ადამიანს ამ ქვეყნად არ აქვს. ეს საქმეში ცვლის იმას, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იქნება ნებისმიერი პირის მოთხოვნა, რომელიც დღევანდელი მესაკუთრეების მიმართ იქნება მიმართული. ეს ისედაც ასეა იმიტომ, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები.
ქიბარ ხალვაში თეორიულადაც კი მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილი პირი არ არის. ამას ადასტურებს ეს დოკუმენტი. ასევე ადასტურებს, რომ მას აქვს 7 მილიონი ვალი ირაკლი ოქრუაშვილის", - განაცხადა გვარამიამ.
რუსთავი 2-ის მტკიცებით, ტელეკომპანიამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ტელეკომპანიის განცხადებით, ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას წარმოადგენს. დოკუმენტის ავთენტიკურობას ირაკლი ოქრუაშვილიც ადასტურებს.
5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:
"ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე", - ნათქვამია დოკუმენტში.





