უზბეკეთი

პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების გამო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიზტე გიორგი მარგველაშვილის სამძიმარი დღეს საღამოს გამოქვეყნდა.
 

"ბატონი ისლამ ქარიმოვი ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყანას და მისი ლიდერობით უზბეკეთმა მნიშვნელოვან განვითარებას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და კეთილდღეობას მიაღწია. მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და უზბეკი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ისლამ ქარიმოვის სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ისტორიაში", - წერია განცხადებაში.

ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები ოფიციალურმა ტაშკენტმა დღეს დაადასტურა. 78 წლის ქარიმოვის გარდაცვალება თავის ტვინში არსებულმა სისხლჩაქცევამ გამოიწვია. 

ისლამ ქარიმოვი 28 მილიონიანი მოსახლეობის მქონე უზბეკეთის რესპუბლიკას გასული 27 წლის მანძილზე მართავდა. იქამდე სანამ უზბეკეთის პრეზიდენტი გახდებოდა ქარიმოვი უზბეკეთის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო. 

ტაშკენტმა ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები მას შემდეგ დაადასტურა, რაც რამდენიმე მსოფლიო ლიდერმა უზბეკ ერს სამძიმრით მიმართა და ქარიმოვის დაკრძალვაზე ჩასვლის მზადყოფნა გამოთქვა. 

ისლამ ქარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთი კვირის წინ გაუარესდა, გასულ შაბათს ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

1 სექტემბერს უზბეკეთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს, მასზე პრეზიდენტის მისალოცი სიტყვა მხოლოდ წერილობით გავრცელა, რის გამოც მოსახლეობაში გაჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. 

1 სექტემბერს ისლამ ქარიმოვს უზბეკეთის დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიულოცა.

კომენტარები