საგარეო ვალი

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $100-მილიონიანი კრედიტი გამოუყო

საკრედიტო დოკუმენტი აზიის განვითარების ბანკთან
facebook.com/mofgeorgia

1 სექტემბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა $100- მილიონიანი საკრედიტო შეთანხმება. საკრედიტო შეთანხმების განაკვეთი შეღავათიანია. ფინანსური ტრანში საქართველომ "შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3"-ის ფარგლებში მიიღო. 

დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ADB-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალიმ მოაწერეს.

"შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის" ADB-ის სამწლიანი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ ჯამში $250 მილიონის შეღავათიანი კრედიტი მიიღო. 

"პროგრამის მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება. პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა", - წერია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ADB საქართველოში 2007 წელს შემოვიდა, მას შემდეგ ბანკმა ქვეყნისთვის ჯამში $1.9 მილიარდის მოცულობის კრედიტი გამოყო. $1.9-მილიარდიანი დაფინანსების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა.

კომენტარები