ქორწინების თანასწორობა

რესპუბლიკური პარტია ქორწინების თანასწორობას არ ემხრობა

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ეხმაურება საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შექმნილ ვებგვერდზე - Chemikhma.ge - გამოქვეყნებულ პარტიის პოზიციას ქორწინების თანასწორობის საკითხზე. კითხვარში მითითებულია, რომ რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს ქორწინების თანასწორობას, თუმცა მიაჩნია, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის ყოლის/აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ამასთან დაკავშირებით, ხათუნა სამნიძე განმარტავს, რომ რესპუბლიკური პარტიის პოზიცია არასწორად არის გახმოვანებული.

"კითხვარში პარტიის პოზიცია, სამწუხაროდ, არასწორადაა მოწოდებული და არ შეესაბამება პარტიის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ადრეც აღგვინიშნავს, რესპუბლიკური პარტია ეთანხმება სამოქალაქო კოდექსში არსებულ ჩანაწერს ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით, არ დაეთანხმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას და, შესაბამისად, მოიწონა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ დაენიშნა რეფერენდუმი", - აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

Chemikhma.ge საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ შექმნილი ვებგვერდია. მასზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი და მოცემულ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 7 პოლიტიკური პარტიის პასუხები. Chemikhma.geს მიხედვით, კითხვარი გაეგზავნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ათ კვალიფიციურ პარტიას და ორ ახლად შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას – "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" და "სახელმწიფო ხალხისთვის". კითხვარის შევსებაზე უარი თქვეს ქართულმა ოცნებამ, ლეობორისტულმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა, სახელმწიფო ხალხისთვის, საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ.

კომენტარები