ქორწინების თანასწორობა

გეგიძე: ქორწინებაზე ჩემს მოსაზრებას არ გეტყვით, პოზიციას პარლამენტში დავაფიქსირებ

ტაბულა

ქართული ოცნების ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ბიძინა გეგიძე არ პასუხობს კითხვას, ემხრობა თუ არა პრემიერმინისტრის ინიციატივას, ქორწინების ცნების კონსტიტუციით განსაზღვრის შესახებ. ტაბულას კითხვაზე გეგიძე ამბობს, რომ თავის პოზიციას პარლამენტში დააფიქსირებს. 

"რომ გავიმარჯვებთ, პარლამენტში ეს საკითხი რომ დადგება, ჩემს პოზიციას იქ დავაფიქსირებ, უკვე პარლამენტში. პარლამენტში რომ იქნება ეს საკითხი, ჩემი პოზიცია იქნება ყველასთვის ნათელი და ცხადი. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობისთვის იქნება მისაღები" - თქვა გეგიძემ.

კითხვაზე, "ანუ ემხრობით"? - ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი პასუხობს, რომ "არა, მე ვამბობ, ეს საკითხი პარლამენტში როდესაც შემოვა, ჩემს გადაწყვეტილებას იქ მივიღებ. დავუჭერ მხარს იმას, რასაც დავუჭერ. ამ ეტაპზე წყნეთში ვესაუბრები ამომრჩეველს, რატომ უნდა ვიყო დაკავებული ამ საკითხით? ახლა ვხვდები ამომრჩეველს და ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, პირდაპირ გეუბნებით, თქვენ გინდათ, რომ მათქმევინოთ ქორწინებაზე ჩემი მოსაზრება, არ არის პრობლემა, შემიძლია, გითხრათ, მაგრამ სპეციალურად არ გეტყვით". 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა, პრემიერმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნება კვლავ დააყენებს საკონსტიტუციო ცვლილების საკითხს. მმართველ გუნდს სურს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა.

კომენტარები