საკონსტიტუციო სასამართლო

გოგუაძე: ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება მოახდინა

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, ხელისუფლება საკონსტიტუციო სარჩელს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის საშუალებად განიხილავს. როგორც გოგუაძემ ტაბულას უთხრა, ეს არის დამღუპველი სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. თავისუფალი დემოკრატების წევრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ კაბელების საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება მოახდინა.

"დავაკვირდეთ, რამხელა პროცესები განვითარდა საკონსტიტუციო სასამართლოში - ჯერ იყო საკანონმდებლო შეტევა, როდესაც ხელისუფლებამ შეუტია სასამართლოს პარლამენტის მეშვეობით და მიიღო წარმოუდგენილი კანონი. ამ კანონით, ხელისუფლებისგან კონტროლირებად მოსამართლეების მცირე ჯგუფს შეუძლია მოსამართლეების უმრავლესობის ნების დაბლოკვა. შემდეგ, გვახსოვს, აქციებს როგორ უწყობდნენ არასასურველი გადაწყვეტილებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და უმრავლესობის წევრები ამას ამართლებდნენ გამოხატვის თავისუფლებით, არადა, ეს იყო პირდაპირ კანონის დარღვევა. შემდეგ იყო არაერთი განცხადება იმაზე, რომ მიმდინარეობს მოსამართლეებზე შეტევა და შანტაჟი. ეს პროცესები ჩვენს თვალწინ განვითარდა და მარტივი ლოგიკით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიახ, ხელისუფლებამ მოახდინა საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება" - განაცხადა გოგუაძემ. 

თუმცა, თავისუფალი დემოკრატების წევრი იმედოვნებს, რომ მოსამართლეები გააცნობიერებენ თავიანთი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

"მოსამართლე არის იმის მოსამართლე, რომელიც აცნობიერებს, რომ მისი გადაწყვეტილება რჩება, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონის წინაშე, ხოლო ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. ასე რომ, არჩევანი მათზეა" - თქვა გოგუაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლას, თავისუფალი დემოკრატების წევრის შეფასებით, დიდი ალბათობით, ეს ხდება.

"თუ გავიხსენებთ, როგორ მიმდინარეობს გამოძიებები ადამიანების შანტაჟის შესახებ - არც ერთი ასეთი ფაქტი არ გამოვლენილა და არც ერთი შანტაჟის მწარმოებელი ადამიანი არ დასჯილა. გამოქვეყნდა პირადი ცხოვრებს ამსახველი ინფორმაცია და დღემდე, ეს საშინელი დანაშაული არ არის გამოძიებული. ასე რომ სამწუხაროდ, მე მაქვს დიდი ალბათობა იმისა, რომ დიახ, ეს [კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლა] ხდება. ამ ხელისუფლებას არათუ არ ძალუძს ასეთი დანაშაულების აღკვეთა, არამედ ამ ხელისუფლების ზოგიერთი სტრუქტურა სამწუხაროდ, ჩადის ასეთ დანაშაულს" - განაცხადა გოგუაძემ.

კითხვაზე, ე.წ კაბელების საქმის გაჭიანურება ხომ არ უკავშირდება გიგი უგულავას საქმეს, რომელიც მასთან ერთად განიხილება, ნინო გოგუაძე პასუხობს - "სამართალწარმოება არის სამართალწარმოება. პოლიტიკური პარტიების ვალია დემოკრატიულ პროცესებში, რომ სამართალი გაყონ პოლიტიკისგან. სამწუხაროდ, ჩვენი არც ყოფილი და არც დღევანდელი ხელისუფლება ასე არ იქცევა. ესენი ამ საქმეს, საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავენ როგორც პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. ეს არის დამღუპველი სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის".

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, 2 აგვისტოს უნდა შეკრებილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. მათ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმე უნდა განეხილათ. სხდომა გადაიდო, რადგან ცხრა მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ ოთხი მივიდა. მოსამართლეების ნაწილმა სხდომაზე არმისვლის მიზეზად, დიპლომატებთან შეხვედრა დაასახელა. ამასთან, მათი მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი კი, მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეების განხილვაში მონაწილეობაზე უარს ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე ამბობს.

კომენტარები