სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთი ციხეში ადგილების გასათავისუფლებლად, 38 000 პატიმრის გათავისუფლებას აპირებს

wikimedia.org

Independent-ის ცნობით, თურქეთი 38 000 პატიმარს გათავისუფლებას აპირებს, რათა სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებული პირებისთვის ციხეებში ადგილები გაათავისუფლოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა მიიღო.
პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ პირობითი სასჯელი დარჩებათ. გადაწყვეტილება კი მხოლოდ იმ პატიმრებს შეეხებათ, რომლებსაც 2 ან ნაკლები წელი დარჩათ მოსახდელი. გადაწყვეტილება არ შეეხებათ იმ პატიმრებს, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და მათ, ვინც დანაშაული 2016 წლის 1 ივლისის შემდეგ ჩაიდინეს.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადატრიალების ორგანიზებაში ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. სტამბოლის სასამართლომ გიულენის დაკავების ორდერიც გასცა. თავად გიულენი კი ბრალდებას უარყოფს.

მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის არიან 15 200 მასწავლებელი და 1500 დეკანი. გარდა ამისა, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ ყველა მეცნიერს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება, სამხედრო აკადემიების ნაცვლად კი დაარსდება ნაციონალური სამხედრო უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება.

კომენტარები