სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 85 ჟურნალისტი დააკავეს

AFP

თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით, ბოლო რამდენიმე დღეში 85 ჟურნალისტი დააკავეს. მათ შორის არის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია TRT-ს 42 ჟურნალისტი, რომლებიც 11 აგვისტოს აიყვანეს.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში, მთავრობის ბრძანებით 3 საინფორმაციო სააგენტო, 16 ტელევიზია, 23 რადიო, 45 გაზეთი, 15 ჟურნალი და 29 გამომცემლობა დახურეს.

გარდა ამისა, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით, ქალაქ კონიაში ორი პოლკოვნიკი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულების სახლში, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, დაკავებულები ეგვიპტეში აპირებდნენ გამგზავრებას.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადატრიალების ორგანიზებაში ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. სტამბოლის სასამართლომ გიულენის დაკავების ორდერიც გასცა. თავად გიულენი კი ბრალდებას უარყოფს.

მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის არიან 15 200 მასწავლებელი და 1500 დეკანი. გარდა ამისა, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ ყველა მეცნიერს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება, სამხედრო აკადემიების ნაცვლად კი დაარსდება ნაციონალური სამხედრო უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება.

კომენტარები