ნავთობის ფასი

რუსეთისა და საუდის არაბეთის მოლაპარაკებები ნავთობის ფასს აძვირებს

Rob Griffith / Reuters

ნავთობის ორი უმსხვილესი მწარმოებლის, რუსეთისა და საუდის არაბეთის მოლაპარაკებათა პარალელურად, ნავთობის ფასები იზრდება. დღევანდელ ვაჭრობაზე ერთი ბარელი ნედლი ნავთობის (Brent crude) ფასმა უკვე $47-ს გადააჭარბა. ფასები 8 აგვისტოს შემდეგ იზრდება. ეს ზრდა კი რუსეთის ნავთობის მინისტრის ალექანდრ ნოვაკის განცხადებას უკავშირდება, რომლის თქმითაც რუსეთი და საუდის არაბეთი "საბაზრო სტაბილურობის" შექმნისთვის მუშაობენ.

"ჩვენსა და საუდის არაბეთს შორის დიალოგი საკმაოდ კარგი მიმართულებით ვითარდება. ჩვენ ვგეგმავთ, მივაღწიოთ ორ ქვეყანას შორის ნავთობის სფეროში კოორდინაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს და გავატაროთ ერთობლივი ღონისძიებები, რათა უზრუნველვყოთ საბაზრო სტაბილურობა", - 8 აგვისტოს განაცხადა ნოვაკმა.

საუდის არაბეთი მსოფლიოში ნავთობის ყველაზე გავლენიანი მომპოვებელია, ის ნავთობექსპორტიორი ქვეყნების კავშირის OPEC დე ფაქტო ხელმძღვანელია. რუსეთის ფედერაცია კი ყველაზე მსხვილი მომპოვებელია - დღეში 10.5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. ორი ქვეყნის ერთობლივმა პოლიტიკამ კი შესაძლოა ნავთობის ფასების ეტაპობრივ მატებას შეუწყოს ხელი.

ნავთობის ფასების ვარდნა 2014 წლის ბოლოდან დაიწყო, მისი მიზეზი კი მოპოვების ზრდის შესახებ OPEC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. მას შემდეგ ბარელზე $110-დან 2016 წლის დასაწყისში ფასები ბარელზე $27-მდე ჩამოვიდა. ნავთობის ფასის ვარდნის კიდევ ერთი მიზეზი ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა იყო, რის შედეგადაც ირანი ექსპორტის ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. დაბალი ფასის გამო OPEC-ის ქვეყნები გაზაფხულზე მოპოვების შემცირების გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბნენ, თუმცა მაშინ ორგანიზაციამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

კომენტარები