ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

ბედუკაძის განცხადებებს საპატრიარქო არც ემიჯნება და არც ეთანხმება

ვლადიმერ ბედუკაძის facebook გვერდი

ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის, ცენტრისტების საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პოზიცია "არ არსებობს". ამის შესახებ ტაბულას დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ თვითონ კლიპი არ მოსწონს.

"ამ კლიპთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არ არსებობს და ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, არ მომწონს, რა თქმა უნდა. რუსეთთან შეერთებას ნამდვილად არ ვგეგმავ, არ მომწონს, არ მაქვს სურვილი, რომ რუსეთს შევუერთდეთ და გავხდეთ მისი ერთ-ერთი კოლონია. ვლოცულობ, რომ ეს ასე არ მოხდეს", - ამბობს კახაბერ გოგოტიშვილი.

დეკანოზის თქმით, ბედუკაძის განცხადებებს საპატრიარქო არც ემიჯნება და არც ეთანხმება, რადგან ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

"არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი საერთოდ და ან როგორ გავემიჯნოთ, ან როგორ დავეთანხმოთ. საერთოდ არ ყოფილა ამ საკითხის განხილვა, არც შეხვედრა, არც მოსაზრება, ან ხომ შეიძლება წარმოედგინა თავისი პროექტი - არაფერი მსგავსი არ ყოფილა და როგორ შეიძლება ვეთანხმებოდეთ იმას, რაც არ ვიცით. ასე საპატრიარქოს სახელით და პატრიარქის სურათებით ბევრი სარგებლობს. ამასწინათ მეუბნებოდნენ, რომ მკითხავსაც კი უკიდია პატრიარქის სურათი თავის ოთახში და ასე მკითხაობს, თითქოს ლოცვა-კურთხევა აქვს. მაგრამ ყველაფერი სიმართლე ხომ არ არის. ფოტოების მოპოვება არავითარი პრობლემა არ არის, სოციალური ქსელები აჭრელებულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფოტო დადოს. ეს არაფერს ნიშნავს. მე გეუბნებით იმ რეალობას, რაც არის - არავითარი შეხვედრა, არავითარი კონსულტაცია არ გამართულა და მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით საპატრიარქომ საერთოდ არაფერი იცოდა. ახლახანს გავიგეთ, კლიპი რომ გაკეთდა და ჩვენც ვნახეთ", - აცხადებს კახაბერ გოგოტიშვილი.

ტაბულა დაინტერესდა, რა მიზნით შეხვდა რამდენიმე წლის წინ პატრიარქი ილია მეორე ვლადიმერ ბედუკაძეს. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ იცის, რომ ბედუკაძე საპატრიარქოში ერთხელ იყო მისული და პატრიარქსაც შეხვდა. კითხვას - "შეცდომა იყო თუ არა ბედუკაძესთან შეხვედრა?", კახაბერ გოგოტიშვილი პასუხობს:

"არ ვიცი, რა თემაზე ლაპარაკობდნენ. იქნებ რაღაც პირადული ჰქონდა და კათალიკოს-პატრიარქს როგორც სულიერ მამას ისე შეხვდა, სასაუბრო ჰქონდა და არანაირი პოლიტიკა ამაში არ იყო. ამიტომ, მე ვერ გეტყვით, უნდა შეხვედროდა თუ არა. უამრავი ადამიანი ხვდება პატრიარქს, ზოგი პირადი გაჭირვების გამო, შეიძლება პირადი ინტერესის გამოც კი. მე არ ვიცი რაზე ისაუბრეს, ამიტომ ამას შეფასებას ვერანაირად ვერ მივცემ. დეტალებიც არ ვიცი, ერთი-ერთზე შეხვდნენ თუ სხვებიც ესწრებოდნენ", - ამბობს კახაბერ გოგოტიშვილი.

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილთან ტაბულა საპატრიარქოს პრესცენტრმა დააკავშირა. კითხვას, წარმოადგენს თუ არა დეკანოზის კომენტარი საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას, პრესცენტრში დადებითად უპასუხეს.

პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. პარტიის პირველი დაპირება - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაა.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვება უკვე შეაჩერა. როგორც GPB-ის განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ემიჯნება მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ ბედუკაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ რესპუბლიკური პარტია, საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, არასამთავრობო სექტორი.

კომენტარები