ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

GPB-მ ცენტრისტების საარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვება შეაჩერა

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვება შეაჩერა. როგორც GPB-ის განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

ტაბულა მაუწყებლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგეხსენებათ, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყოს დრო, რომელიც ამ სუბიექტებს შორის თანაბრად განაწილდება.

აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს უფასო პოლიტიკური რეკლამის დათმობისთვის მომართა (საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულმა) პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ცენტრისტები“ და წარმოადგინა წინასაარჩევნო რეკლამა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონით დადგენილი წესით რეკლამა განათავსა პირველი არხის ეთერში. დამატებით გვინდა განვმარტოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გასული არცერთი პოლიტიკური რეკლამის შინაარსი არ გამოხატავს მაუწყებლის პოზიციას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, აჩერებს პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტები“ წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

დამატებით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განიხილონ აღნიშნული საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება" - აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში.

პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. პარტიის პირველი დაპირება - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ემიჯნება მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

კომენტარები