სესხები

ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 14.3%-ით გაიზარდა

AP Photo

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ივლისისთვის კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 374 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 14.3%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 3.4%-ით მეტია. 

საქართველოში ბანკების სასესხო პორტფელი მთლიანად 16.5 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ვადაგადაცილებულ სესხებზე მთლიანი სასესხო პორტფელის 2.2% მოდის.

ამ 374 მილიონი ლარის 60.1% უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ სესხებზე, 39.9% კი ლარში ნომინირებულ სესხებზე მოდის. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ვადაგადაცილების ზრდა ლარის გაუფასურებას უკავშირდება.

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო ვადაგადაცილებული სესხების უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ნაწილი გაიზარდა. შესაბამისად, ამ ცვლილებამ ლარში გამოხატული ვადაგადაცილების ზრდა გამოიწვია. 

იანვრიდან მოყოლებული ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ასე გამოიყურება:

  • იანვარი - 292 მილიონი ლარი
  • თებერვალი - 325 მილიონი ლარი
  • მარტი - 342 მილიონი ლარი
  • აპრილი - 324 მილიონი ლარი
  • მაისი - 355 მილიონი ლარი
  • ივნისი - 361 მილიონი ლარი
  • ივლისი - 374 მილიონი ლარი

საინტერესოა, რომ ეროვნულ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების უმეტესი ნაწილი, 54% მოკლევადიან სესხებს ეხება, ხოლო უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების ძირითადი ნაწილი, 57% - გრძელვადიან სესხებს. 

ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკას ეროვნული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ქართული ფილიალების მიერ მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშების შედეგად ადგენს. ვადაგადაცილებული სესხები კი არის კლიენტებზე გაცემული სესხებით ვადაგადაცილებული დავალიანების თანხები, რომლებიც არ არის დაფარული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

კომენტარები