უზენაესი სასამართლო

ნინო გვენეტაძემ საკუთარ თავს 36 ათას ლარიანი დანამატი გამოუწერა

ტაბულა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანამდებობრივი სარგო 7 ათას ლარს შეადგენს, შესაბამისად, წლის მანძილზე მისი ანაზღაურება (მხოლოდ ხელფასი) დაახლოებით 84 ათასი ლარი უნდა იყოს. გვენეტაძე თანამდებობაზე 2015 წლის 20 მარტს დაინიშნა, შესაბამისად, 2015 წლის მანძილზე მისი 10 თვის თანამდებობრივი სარგო - 63+2.2 ათასი (მარტის 10 დღის ჩათვლით) 65.2 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად კი გვენეტაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავალმა 102 ათასი ლარი შეადგინა. ამ სხვაობის მიზეზი კი ის დანამატები გახდა, რაც გვენეტაძემ წლის მანძილზე აიღო. მარტივი კალკულაციით დანამატების მოცულობა დაახლოებით 36 ათას ლარს შეადგენს.

გვენეტაძემ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 10 ათას ლარიანი დანამატი გასული წლის აგვისტოში აიღო. მასზე დარიცხული დანამატი მაშინ აიპრესის სტატიაში მოხვდა. უზენაეს სასამართლოში გვენეტაძის დანამატების შესახებ ინფორმაციის მედიაში გავრცელება ნეგატიურ მოვლენად აღიქვეს, რასაც მალევე იმ ადამიანთა სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით დათხოვნა მოჰყვა, რომლებმაც მედიას გვენეტაძის შემოსავლების ამსახველი საჯარო ინფორმაცია მიაწოდეს. გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის მოადგილე პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნანა ვასაძეა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დასკვნის მიხედვით, ნანა ვასაძის სამსახურიდან გათავისუფლება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან მის მიერ დაკავებული შტატი არ გაუქმებულა, ვინაიდან იმავე ფუნქცია-მოვალეობის მატარებელი პოზიცია უზენაეს სასამართლოში დღემდე არსებობს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ რეორგანიზაცია უზენაესმა სასამართლომ დასაქმებულთა გაშვების ფიქტიურ მიზეზად მიუთითა.

აიპრესის ინფორმაციითსასამართლო სპიკერი, ნათია ჯუღელი, რომლითაც ნანა ვასაძე ჩაანაცვლეს, ნინო გვენეტაძესთან დაახლოებული ყოფილი მოსამართლის შვილია.

ვასაძემ თავისი გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა მოსამართლემ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

კომენტარები