პოლიტიკური ზეწოლა

ენმ: კოდაში პოლიტიკური მოსაზრების გამო 2 პირს სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეებზე პოლიტიკურ დევნას აგრძელებს. მისი თქმით, კოდის დევნილთა დასახლებაში ორ პირს ერედვის გამგეობიდან დაუკავშირდნენ და "საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებების გამო", სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

"ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის ამარაა დარჩენილი, საქართველოს მოქალაქეებზე პოლიტიკურ დევნას აგრძელებს. კერძოდ, გუშინ ჩვენ კოდის დევნილთა დასახლებაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დევნილ მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა, განვიხილეთ სხვადასხვა ყოფითი საკითხები. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა მეუღლე ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში რძალი, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ. დღეს მათ დაუკავშირდნენ ერედვის გამგეობიდან და მოსთხოვეს განცხადებების დაწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ეს ადამიანები არიან იასონ ქრისტესიაშვილი და ეთერ რომელაშვილი, ისინი იმყოფებოდნენ ჩვენთან შეხვედრაზე და მათი ოჯახის წევრებს მოთხოვეს სამსახურიდან წასვლა. ერედვის გამგებელ ცოტნიაშვილის პირადი მოთხოვნით მოსთხოვეს ამ ადამიანებს სამსახურებიდან წასვლის თაობაზე განცხადებების დაწერა", - ამბობს წიკლაური.

ენმ-ის წევრი მიმართავს უწყებათაშორის კომისიას, რომლის სხდომა დღეს იმართება, ასევე ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, რომ სახეზეა პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, "რომელთა "დანაშაული" მხოლოდ ისაა, რომ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრება აქვთ".

"მივმართავ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ანგარიშსწორებას აორგანიზებენ, არჩევნებამდე დარჩენილია 2 თვე, პოლიტიკური დევნა კი სისხლის სამართლის დანაშაული. მოერიდონ ისეთ ქმედებებს, რაზეც მათ 2 თვის შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაული დაეკისრებათ", - აღნიშნა წიკლაურმა.

კომენტარები