პოლიტიკური ზეწოლა

ირმა ნადირაშვილი: მელაანის რწმუნებულის მოადგილე ენმ-ის აქტივისტს დაემუქრა

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს დაემუქრნენ. როგორც ნადირაშვილმა ყვარელში დავით ბაქრაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თქვა, "გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან დათუაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერზე მუქარის ზარი განახორციელა". ნაციონალური მოძრაობა აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას და ქეთევან დათუაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

"ქეთევან დათუაშვილმა დაურეკა ჩვენს ერთ-ერთ მხარდამჭერს, რომელიც პარტიულ შეხვედრას ატარებდა და გააფრთხილა, რომ თუ არ დაანებებდა თავს ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობას, მას პრობლემები შეექმნებოდა და წინ გახედვისკენ მოუწოდა. ამ ფაქტს ვაფასებთ როგორც ტიპიურ ზეწოლას ოპოზიციაზე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მეექვსე შუალედური ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის 7-24 ოქტომბრის მონაკვეთში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარის ნინო ლომჯარიას განმარტებით, ორივე შემთხვევა საჯარო მოხელეებისგან მომდინარეობდა. კერძოდ, ორგანიზაციის დამფუძნებლის თქმით, წყალტუბოს საკრებულოს ენმ-ის დეპუტატსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მოქალაქეზე ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და მუქარის ფაქტს. მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მცხეთაში მიაყენეს. ასევე, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორება დაფიქსირდა ახალციხეში დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მხარდამჭერის მიმართ და აბაშაში, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს შორის.

კომენტარები