სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

გიულენი: ერდოღანს თურქეთი ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს

AFP

აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო ლიდერი ფეთულა გიულენი გამოეხმაურა სტამბოლის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი დაკავების ორდერის გაცემის შესახებ. გიულენის თქმით, ეს ორდერი მაგალითია იმისა, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს.

"ეს გადაწყვეტილება ასაბუთებს იმას, რომ თურქული სისტემა მოკლებულია სამართლებრივ დამოუკიდებლობას, ამიტომ დაკავების ორდერი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მიჰყავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანა დემოკრატიისგან შორს, ავტორიტარიზმისკენ... დაკავების ორდერის გაცემა ვერ ცვლის ჩემს სტატუსსა და შეხედულებებს", - ნათქვამია გიულენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადატრიალების ორგანიზებაში ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. სტამბოლის სასამართლომ გუშინ გიულენის დაკავების ორდერი გასცა. თავად გიულენი კი ბრალდებას უარყოფს.

მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის არიან 15 200 მასწავლებელი და 1500 დეკანი. გარდა ამისა, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ ყველა მეცნიერს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება, სამხედრო აკადემიების ნაცვლად კი დაარსდება ნაციონალური სამხედრო უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება.

კომენტარები