საკონსტიტუციო სასამართლო

ფაფიაშვილი: ელჩებისთვის უნდა გვეთქვა, რომ არაფერი არაორდინალური არ ხდება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის თქმით, დიპლომატებთან შეხვედრის მიზეზი იყო საელჩოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ სასამართლოში არაფერი არაორდინალური არ ხდება. ტაბულამ ფაფიაშვილს ჰკითხა, რატომ იყო დღეს უფრო მნიშვნელოვანი ელჩებთან შეხვედრა, ვიდრე ადამიანების თავისუფლების საკითხის განხილვა. მოსამართლის შეფასებით, „ეს არის სპეკულაციური განცხადება", რადგან მისი თქმით, სხდომების გადადება აპრობირებული პრაქტიკაა.

კითხვაზე, „როდესაც ადამიანების პატიმრობის კონსტიტუციურობას ეხება საკითხი, სხდომის ხელისშემშლელი რატომ უნდა იყოს დიპლომატებთან შეხვედრა", ფაფიაშვილი პასუხობს, რომ საელჩოებამდე მკაფიო მესიჯი უნდა მისულიყო. მისი თქმით, ამის გარეშე, შემდგომი პროცესების წარმოება არამიზანშეწონილი იქნებოდა. ცნობისთვის, დღეს სამი მოსამართლე - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი და ზაზა თავაძე დიპლომატებთან შეხვედრის მიზეზით, გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეზე ჩანიშნულ სხდომას არ დაესწრო. კვორუმის არარსებობის გამო, სარჩელების განხილვა გადაიდო.

„დღევანდელი შეხვედრის მიზეზი იყო, მკაფიო მესიჯი მისულიყო შესაბამისი საელჩოებისადმი იმის შესახებ, რომ არაფერი არაორდინალური სასამართლოში არ ხდება. ჩვენ ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არის სამუშაო პროცესი, რომლის განმავლობაშიც, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ მოგვეცეს გონივრული ვადა გადაწყვეტილების პროექტზე სამუშაოდ. ეს იყო და ეს. ამის მეტი არაფერი თქმულა და ამის გარეშე, შემდგომი პროცესების წარმოება იქნებოდა არამიზანშეწონილი იმისთვის, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო არ აწეულიყო ტემპერატურა და არასწორი მოლოდინები ერთი ან მეორე მხრიდან არ გაჩენილიყო" - ამბობს ფაფიაშვილი.

მოსამართლის თქმითვე, „ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, მათ შორის ის მოსამართლეები, რომლებიც გამოცხადნენ სასამართლოს სხდომის დარბაზში, სწორედ მათი დატვირთულობიდან გამოდინარე, ჩვენ არა მარტო არაერთხელ გადაგვიდია პროცესი, არამედ სწორედ მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ არაერთხელ გვიმუშავია გაცილებით უფრო გვიანობამდე, ვიდრე სამუშაო საათებით არის რეგლამენტირებული. ამიტომ ახლა აქ ისრების გადმოყვანა და არასწორი ინტერპრეტაციების გაკეთება, ვფიქრობ, არ იქნება სამართლიანი".

ლალი ფაფიაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხდომის გადადება არაერთხელ სთხოვეს.
„მთელი გუშინდელი დღის მანძილზე ჩვენ როგორც აპარატთან, ასევე სასამართლოს თავმჯდომარესთან ვცდილობდით ამ საკითხის დარეგულირებას, ვინაიდან აშკარა იყო, რომ კვორუმი არ იქნებოდა. შევთავაზეთ, სხდომა დანიშნულიყო პლენუმისთვის მისაღებ ნებისმიერ სხვა დროს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღო, ამიტომ, ალბათ, პრეტენზიები სასამართლოს ხელმძღვანელობასთან უნდა გქონდეთ და არა ჩვენთან" - ამბობს მოსამართლე.

კითხვაზე, „რატომ დაამთხვიეთ დიპლომატებთან შეხვედრა სხდომას", ლალი ფაფიაშვილი პასუხობს - „სხვა დროს რომ ყოფილიყო შესაძლებელი ამ შეხვედრის გამართვა, სხვა დროს გადავიტანდით".

ტაბულამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ისიც ჰკითხა, რა აძლევს იმის საფუძველს, ჩათვალოს, რომ პროკურატურა მოსამართლეებზე ზეწოლის საქმეს გამოიძიებს მაშინ, როდესაც საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება. ლალი ფაფიაშვილის თქმით, მას არ აქვს უფლება, თავიდანვე ეჭვი შეიტანოს პროკურატურის კეთილსინდისიერებაში.

"იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების ორგანო ვერ ან არ განახორციელებს სათანადო რეაგირებას, ამის მერე უკვე გვექნება შესაძლებლობა, განვაცხადოთ ჩვენი ლეგიტიმური პრეტენზიები. მაგრამ, აპრიორი თავიდანვე, სათანადო ინფორმაციის მიწოდების გარეშე იმის თქმა, რომ ჩვენ მათ არ ვენდობით, აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის" - ამბობს მოსამართლე.

კითხვაზე, "გარედან ჩანს ისე, რომ მოსამართლეების სხდომაზე არდასწრება საქმის გაჭიანურებას ემსახურება", ლალი ქაფიაშვილი პასუხობს, რომ "ეს შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული იყოს გარკვეული პირების მხრიდან. შეიძლება, ხელოვნურად სურდეთ მსგავსი ტიპის ვითარების შექმნა".

"თქვენ გახსოვთ, რომ წინა იყო რუსთავი 2-ის პროცესი. სხდომა პრაქტიკულად დაინიშნა საქმის წარმოებაში მიღებიდან მეორე დღესვე, ხოლო პლენუმი ჩატარდა წინა დღეს, ღამის 9 საათზე, მოსამართლეებს პრაქტიკულად არ გვქონდა დრო მასალების დეტალურად შესწავლისათვის, მაგრამ იმ ეტაპზე მაქსიმალურად შევეცადეთ, ვყოფილიყავით შეუძლებლად კონსტრუქციულები. პრაქტიკულად, ჩვენი თავისუფალი დროის, ჯანმრთელობის და ყველა სხვა რაღაც დამატებითი ფაქტორების ხარჯზე მოგვიწია ღამის გათენება იმისთვის, რომ პროცესზე შევსულიყავით მომზადებულები. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ობიექტური აუცილებლობა რაღაც გარემოებიდან გამომდინარე, ისე, რომ დამატებითი კითხვები არ გაგვჩენია. როცა ამან უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო, როცა პრაქტიკულად რაღაც გარკვეული სადამსჯელო სანქციების მსგავსი ტიპის ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც მოსამართლეები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პლენუმზე გადაცემას, ისინი, არაფორმალურად, ვისჯებით და მუდმუივად ისმის, რომ " რადგან თქვენ მხარი დაუჭირეთ, ამიტომ კეთილი ინებეთ და ყველა საქმე, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს უფლებათა დაცვის პერსპექტივიდან გამომდინარე, გვერდზე გაწიეთ და ამაზე მოახდინეთ სრული კონცენტრირება", იმ პირობებში, რომ სხდომებზეც იარო და პარალელურად, კოლეგიის საქმეებიც სრული მოცულობით განახორციელო, ცოტა არალოგიკურია" - ამბობს ფაფიაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის და გიგი უგულავას საქმის განხილვა დღეს, 12:00ზე უნდა გამართულიყო. თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა გადაიდო.

ის, რომ განხილვაში მონაწილეობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე უარს ამბობდა, გუშინ გახდა ცნობილი. მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაა. გარდა ამისა, მოსამართლეთა ნაწილის შეფასებით, ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვის გადადება 22 ივლისის სხდომაზე მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა მოითხოვა. მას ოთარ სიჭინავა, ზაზა თავაძე და მერაბ ტურავა დაეთანხმნენ. ისინი თვლიან, რომ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მქონე საქმის განხილვა მანამდე უნდა შეწყდეს, სანამ შესაძლო ზეწოლაზე პროკურატურის დასკვნა არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მუდმივად იქნება ეჭვები არაობიექტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით".

აქვე შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს უარყოფენ. უწყების განმარტებით, გამოკითხეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 1 აგვისტოს გაავრცელა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან.

კომენტარები