საკონსტიტუციო სასამართლო

სიჭინავა ევროსასამართლოს პრეცედენტზე: სპეკულაციები არ გვინდა ამ თემაზე

ოთარ სიჭინავა
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ოთარ სიჭინავას განცხადებით, სასამართლოს ე.წ პოლიტიკური ნიშნის მატარებელ საქმეებზე უფრო მნიშვნელოვანი სარჩელებიც აქვს განსახილველი. ტაბულამ სიჭინავას შეახსენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ვენეციის კომისია საქმეების განხილვის ქრონოლოგიას სოციალური და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ადგენს. კითხვაზე, „რითი ხელმძღვანელობთ ის მოსამართლეები, რომლებსაც საქმეების განხილვასთან და თანმიმდევრობასთან შენიშვნები გქონდათ", სიჭინავა პასუხობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც აქვთ განსახილველი.

„თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ერთადერთი საქმეა, რომელიც ყველაზე რთული გვაქვს? ძალიან ღრმად ცდებით. ძალიან ბევრი სხვა საქმეც არის, რომელიც არანაკლებ სირთულით გამოირჩევა. არ ვფიქრობ, რომ მათგან ეს რაღაცით განსხვავდება. ამიტომ, საკითხს ასე ნუ უყურებთ. რასაც ვამბობდი, უნდა გაიგოთ. მეოთხე დღეა, ვიძახით ამას. თუ თქვენ სხვადასხვა ინტერპრეტაციით გინდათ... ეს ასე არ გამოვა. ჩვენთვის პოლიტიკური [საქმე] არ არსებობს. პოლიტიკურია იმ თვალსაზრისით, რომ მათ შორის, მასმედიითაც ეძლევა ასეთი მნიშვნელობა. უგულავა იქნება, პეტრიაშვილი, სიჭინავა -  ჩვენთვის სულ ერთია. აქ სამართლებრივ პრობლემაზეა საუბარი. ამიტომ, თქვენც უნდა გააქტიურდეთ იმ საქმეებზე, რომელიც თქვენთვის არაცნობილი სუბიექტები არიან. მაგალითად, ძალიან საინტერესო წარდგინებებია, შეგიძლიათ, წაიკითხოთ. მე როგორ მოგცეთ რეკომენდაცია, თქვენ რა უნდა აკეთოთ?"- თქვა სიჭინავამ.

კითხვაზე, რომელია უფრო მნიშვნელოვანი საქმე, მოსამართლე პასუხობს - "ახლა ისევ რეკომენდაცია უნდა მოგცეთ, რაც ჩემს უფლებამოსილებას ცდება და ისევ სპეკულაციების საგანი გახდება, ამიტომ ვერ გიპასუხებთ, რომელია უფრო მნიშვნელოვანი საქმე. ჩამოტვირთეთ სარჩელები და წაიკითხეთ. მგონი, ეს თქვენს მოვალეობაში შედის. არის უფრო მნიშვნელოვანი საქმეები და თქვენ ამას გადაწყვეტილებებში ნახავთ".

კითხვაზე, "ანუ თქვენ არ ეთანხმებით ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციას?", ოთარ სიჭინავა პასუხობს, რომ "ჩვენ სწორედ აქედან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს - რა და როგორ განვიხილოთ. ვინმეს რომ პრეტენზია ჰქონდეს, ამას დიდი ხანია იტყოდა. სპეკულაციები არ გვინდა ამ თემაზე".

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ "კონსტიტუციის დამცველის როლი საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში განსაკუთრებით საჭიროს ხდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხანდახან მხედველობაში მიიღოს სხვა მოსაზრებები, გარდა წმინდა ქრონოლოგიური მიმდევრობა, მათ შორის საქმის ბუნება და მისი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა"

ვენეციის კომისია კი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ამბობს - "ნებისმიერი იძულება ან ვალდებულება, მოსმენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართოს ქრონოლოგიურად, შესაძლოა არღვევდეს ევროპულ სტანდარტებს. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს და დაასრულოს მსჯელობა ზოგიერთ საქმეზე უფრო ადრე, ვიდრე სხვაზე".

საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა - ზაზა  თავაძემ, ლალი ფაფიაშვილმა, თამაზ ცაბუტაშვილმა, ოთარ სიჭინავამ და მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართეს. წერილის მიხედვით, მოსამართლეები აპროტესტებენ ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვას, მაშინ, როდესაც უფრო ადრე შესულ საქმეებზე, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი ორის, გიგი უგულავას და ე.წ კაბელების სარჩელების განხილვა "უპრეცედენტოდ მყისიერად" დაიწყო.

კომენტარები