საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოში განხილვა არ დაწყებულა, სხდომაზე მხოლოდ ორი მოსამართლე მივიდა

გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში არ დაწყებულა. პროცესი 12:00-ზე უნდა განახლებულიყო. სხდომის ჩასატარებლად საჭიროა პლენუმის, მინიმუმ, 6 მოსამართლის შეკრება. ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ ორი მოსამართლე - ქეთევან ერემაძე და კონსტანტინე ვარძელაშვილი იმყოფებიან. ტაბულას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოსამართლეების სხდომაზე მისვლას ამ დრომდე ელოდებიან.

გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვაში მონაწილეობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა. მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაა. გარდა ამისა, მოსამართლეთა ნაწილის შეფასებით, ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. მერაბ ტურავას მიაჩნია, რომ რეგისტრაციიდან წარმოებაში მიღებამდე სარჩელი გამოცვალეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს უარყოფენ. უწყების განმარტებით, გამოკითხეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან.

კომენტარები