ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხვის თანახმად, გადაწყვეტილი ამომრჩევლის მოსაზრებით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში კორუფცია გაზრდილია. გადაწყვეტილ ამომრჩეველთა 20% ფიქრობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 33% კი თვლის, რომ გაუარესებულია.
რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, მათი მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ კორუფციის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 33% თვლის, რომ გაუარესებულია.
კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილი ამომრჩევლის 40% მიიჩნევს, რომ ვითარება გაუარესებულია, მხოლოდ 15% თვლის, რომ გაუმჯობესდა. რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, აქ სხვაობა თვალშისაცემია - 49% ფიქრობს, რომ მდგომარეობა გაუარესებულია, მხოლოდ 5%-ის აზრითაა გაუმჯობესებული ვითარება.
გადაუწყვეტელი და გადაწყვეტილი ამომრჩეველიც ფიქრობენ, რომ სამუშაო ადგილებთან, სიღარიბესთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, ფასების ზრდა/ინფლაციასთან მიმართებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მდგომარეობა მკვეთრადაა გაუარესებული.
მეტწილად დადებითი დამოკიდებულება აქვთ გადაწყვეტილ და გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან მიმართებით.
რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, გადაწყვეტილი ამომრჩევლის 51% ფიქრობს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა, 16% - გაუარესდა. გადაუწყვეტელბის 38% თვლის, რომ გაუმჯობესდა, 12% - გაუარესდა.
სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებს და გადაუწყვეტლებს არ აქვთ მკვეთრად გამოხატული პოზიცია. გადაწყვეტილების 27% თვლის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 22% მიიჩნევს, რომ გაუარესებულია. რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, აქ 13% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა, 19% - გაუარესდა, თუმცა, 32%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





