საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს მოსამართლეთა ნაწილი უგულავას საქმის განხილვის გადადებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მსჯელობენ, გააგრძელონ თუ არა იმ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მქონე საქმის განხილვა, რომლებზეც გუშინ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საუბრობდა. მოსამართლეთა ნაწილი თვლის, რომ ამ საქმის განხილვა მანამ უნდა შეწყდეს, სანამ შესაძლო ზეწოლაზე პროკურატურის დასკვნა არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მუდმივად იქნება ეჭვები არაობიექტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით".

აღსანიშნავია, რომ სასამართლოში იწყებოდა ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმის განხილვა.

გადადების შუამდგომლობა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა დააყენა, რასაც ოთარ სიჭინავა, ზაზა თავაძე და მერაბ ტურავა დაეთანხმნენ.

ამ შუამდგომლობის გამო პროტესტი გამოთქვეს გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა. მათი თქმით, შუამდგომლობის დაყენება ზეწოლის პირდაპირი დადასტურებაა.

ჯერჯერობით უცნობია, შეჩერდება თუ არა სხვა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე" საქმეების განხილვაც, როგორიცაა, მაგალითად, რუსთავი 2-თან დაკავშირებული საქმე.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. "მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები