აშშ-საქართველო

კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

Bill Koplitz / FEMA Photo Library

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ მილიტარისტულ ინტერვენციას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ამის შესახებ დღეს აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ორპარტიულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

კონგრესმენები აღნიშნულ დოკუმენტში რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, უარი თქვას საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე და პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. კონგრესმენები რუსეთის ფედერაციას, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებისკენ მოუწოდბენ.

წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის მთავრობასაც მიმართავს და საქართველოს შეუქცევადი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა გააღრმავოს საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ევროანტლანტიკური კურსის მხარდაჭერასაც გულისხმობს.

კონგრესმენები აშშ-ის ხელისუფლებას, ასევე, მოუწოდებენ, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდების გზით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის ინტერესებშია, რადგან ამგვარი საქართველო რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ რეზოლუციას კენჭს შემოდგომაზე, უკვე კონგრესის პლენარულ სესიაზე, უყრიან.

 

კომენტარები