რუსთავი 2-ის საქმე

ბიბილაშვილი რ2-ზე: ურთმელიძემ მსგავს საქმეზე საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო

ტაბულა

რუსთავი 2-ის მფლობელების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, რომ მოსამართლე ურთმელიძეს, რუსთავი 2-ის მსგავს საქმეზე დაახლოებით ერთი წლის წინ საპირისპირო გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ბიბილაშვილის თქმით, თეა წულუკიანის განცხადება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნოვატორული გადაწყვეტილება მიიღო, არასწორია და „ეს იყო კრიმინალი."

„რუსთავი 2-ის საქმე მთლიანად არის გასული საკანონმდებლო და კონსტიტუციური სივრციდან. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციაშიც, როგორც არსებითი, ასევე პროცესუალური თვალსაზრისით სასამართლო, შეიძლება ითქვას ე.წ. სასამართლო, ახორციელებს მართლმსაჯულებას გზადაგზა მოგონილი წესების მიხედვით. თავად თეა წულუკიანმა განაცხადა პირველი ინსტანციის საქმის წარმოებისას, რომ ეს იყო ნოვატორული გადაწყვეტილება. ეს არ ყოფილა არანაირი ნოვაცია, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, ეს იყო საქართველოს კანონმდებლობის არათუ დარღვევა, არამედ თავდაყირა დაყენება. რომც დავუჯეროთ და დავეთანხმოთ თეა წულუკიანს, ეს მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება არის ქვემდებარე საკასაციო სასამართლოსი. ვინაიდან, ერთ-ერთი საფუძველი საქმის განხილვისას საკასაციო სასამართლოს მიერ არის სწორედ ის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის უზენაესი სასამართლოს მიერ დანერგილ პრაქტიკასთან. ამ შემთხვევასი ჩვენ დაახლოებით 10 საქმე გვქონდა ციტირებული, როდესაც ჩვენი შესაგებლები წარვადგინეთ პირველ ინსტანციაში, რომელმაც ანალოგიურ, პრაქტიკულად იდენტურ საქმეებზე სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება გამოიტანეს. ეს ლოგიკურია იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ის საკითხი, რომელიც ამჟამად დავის ქვეშ იმყოფება, არის ცალსახად დარეგულირებული და ვერანაირი თეორიული გზით ვერ უნდა შეძლებოდა სასამართლოს, რომ რუსთავი 2-ის წილები გადაეცა ქიბარ ხალვაშისთვის და მისი კომპანიისთვის. დიმიტრი ძაგნიძემ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა დოკუმენტი „მანუალური სერჩით", ეს დოკუმენტი არ მოიპოვება ელექტრონული ძიების ბაზაში, რომლის მიხედვითაც თავად ურთმელიძეს იდენტური საქმეზე დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვეტილი აქვს საპირისპიროდ. კერძოდ, მას გაბათილებული აქვს ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა წილის ნასყიდობა. მაგრამ, ნათქვამი აქვს, რომ ვინაიდან შემდგომში ეს წილები გადაყიდულია სხვა პირზე, წილის დაბრუნება შეუძლებელია და აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს კონპენსირება თავდაპირველი გამყიდველის მიმართ," - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა.

ცნობისათვის, სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის იურისტების მოთხოვნა განჩინებაში უზუსტობის გასწორების შესახებ არ დააკმაყოფილა. განჩინება რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დღეს მიიღეს.

რუსთავი2-ის იურისტები უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ. განჩინების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში 12 დღის ვადაშია შესაძლებელი.

 

კომენტარები