აჭარის მთავრობა

დუმბაძე: რწმუნებულის დანიშვნა აჭარის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას ნიშნავს

batumelebi.ge

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მურმან დუმბაძე საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დაღვევაში ადანაშაულებს. ბათუმის მაჟორიტარი ამბობს, რომ პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის გადაყენების განკარგულება გუშინდელი რიცხვით გამოსცა, რაც, მისი თქმით, კანონდარღვევაა.

"პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მან დაწერა ბრძანებულება, გამოაქვეყნა ეს ბრძანება დღეს ძველი რიცხვით - 13 ივლისით. უნდა მივიტანოთ დოკუმენტი სამხარაულის ექსპერტიზაში და ამ დოკუმენტზე უნდა ვიმუშაოთ. ეს ნიშნავს აგდებულ დამოკიდებულებას რეგიონის მიმართ. ეს ნიშნავს აგდებულ დამოკიდებულებას აჭარის უმაღლესი საბჭოს და მოსახლეობის მიმართ. გუშინ რომ პრეზიდენტს ეს ბრძანებულება ჰქონდა, ანუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას რწმუნებული ჰყავდა, ამის შესახებ მინიმუმ მოსახლეობა უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, უფრო მინიმუმ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და პატარიძეს არავითარი ემოციური ბმა რეგიონის მოსახლეობასთან არ აქვს. ის დაიბადა ქობულეთში, დაამთავრა სკოლა, ასლან აბაშიძის პოლიციაში იმუშავა და ამის შემდეგ გავიდა ქვეყნიდან“,- აღნიშნა დუმბაძემ.

დღეს გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობა გადააყენა და რწმუნებულის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე წარადგინა. მარგველაშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი მოსალოდნელი პოლიტიკური ვაკუუმის თავიდან აცილება იყო. პატარიძის თანამდებობაზე დამტკიცების გადაწყვეტილება უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს.

კომენტარები