გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში რჩება, ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ცენტრ პოინტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვეს და გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. რჩეულიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

"იმ მომენტში, როდესაც დაკითხვა მიმდინარეობდა, სულ სხვანაირი იყო პროკურატურის განწყობა, რომ იცოდნენ - როგორც მოხდა, სად წავიდა ეს თანხები და რასაც მოხმარდა. რატომღაც მერე შეიცვალა. მე მოწმეებზე ზემოქმედება არ მჭირდება, იმიტომ, რომ მე ვაღიარებ, რომ დიახ, ეს თანხა ჩემი ხელმოწერით იყო გასული. ბრალს არ ვაღიარებ, მაგრამ იმ მცირე ეპიზოდს ვაღიარებ, რაც არის პროკურატურაში და რაზეც ჩვენება მაქვს მიცემული. რაღა ზეგავლენა უნდა მოვახდინო მოწმეებზე, ვერ ვხვდები", - თქვა სასამართლო დარბაზში რჩეულიშვილმა.

სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ გუკა რჩეულიშვილის ბრალი დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებებით.

"გურამ რჩეულიშვილი მაგნოლიას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებამ დაკითხა. თუმცა მან, რა თქმა უნდა, გამოძიებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და შეეცადა, დაემალა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც გამოძიებას აინტერესებდა", - აღნიშნა პროკურორმა.

გუკა რჩეულიშვილის გარდა, ასევე პატიმრობაში რჩებიან ცენტრ პოინტის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი.

ოთხივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისების ან გაფლანგვის მუხლით ედება, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები