რუსთავი 2-ის საქმე

დღეს, 18:00-ზე, ნიკა გვარამია R2-ის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დღეს, 18:00-ზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ნიკა გვარამიას ბრიფინგი ტელეკომპანიის ოფისში გაიმართება.

ცნობისთვის, დღეს შპს ტელეკომპანია საქართველომ და რუსთავი 2-ის მფლობელებმა (გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა) უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 10 ივნისს გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძემ თავად აღნიშნა, რომ მხარე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, სასამართლომ მხარეებს გადაწყვეტილება 12 დღეში, 22 ივნისს გაუგზავნა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეიძლება მისი ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში. რუსთავი 2-ის ადვოკატების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მხარეებს ადრე გაუგზავნა, მათ 18 დღე მოპარა. მათივე მოსაზრებით, ხელისუფლების დავალებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღოს.

კომენტარები