ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებული გუკა რჩეულიშვილი დააკავეს

რუსთავი 2

ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებული გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ის თავად აპირებდა სამართალდამცავებისთვის ჩაბარებას. ამის შესახებ რჩეულიშვილმა Facebook-ში ვიდეო გაავრცელა.

"საარჩევნო შოუს დავარქმევ. სამი ადამიანი ჩემ გამო დააკავეს და რატომ, არ ვიცი. ვიღაცებისთვის ვიღაცები მიუღებლები არიან. შოუ უნდათ. არანაირი პრობლემა არ არის ციხეში ჩაჯდომა. უბრალოდ, საწყენია, რომ კანონი არაადეკვატურია და მართული. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, სად არის ეს თანხები. ეს ყველაფერი ფარსია. ეს სამი ადამიანი უნდა გაათავისუფლონ. მაია რა შუაშია, ვერ ვხვდები. ყველაფერზე ხელი მე მოვაწერე და ა.შ. მე ვიღებდი ყველა გადაწყვეტილებას. არავინ არაფერ შუაში არ არის", - ამბობს კურიერთან გუკა რჩეულიშვილი.

ცენტრ პოინტის საქმეზე სასამართლომ კომპანიის დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გურამ (გუკა) რჩეულიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, მის შვილს, გუკა რჩეულიშვილს კი, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გარდა ამისა, პატიმრობაში დატოვეს ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანიც. 

ოთხივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისების ან გაფლანგვის მუხლით ედება, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

კომენტარები