პოლიციელზე თავდასხმა

შსს-მ პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ომარ ც.-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"შსს-ს კახეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ძარცვის ბრალდებით ძებნილი, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ომარ ც. სოფელ სარფში დააკავეს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ომარ ც.-მ 2016 წლის 11 მაისს, ღამით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მეორე განყოფილების პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ უკანონოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა, თუმცა პოლიციის არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

"სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 17 მასრა ამოიღეს. პოლიციამ ნაძარცვი ავტომანქანა გურჯაანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვა", - წერია განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები