აფეთქება სტამბოლში

ბოლო ოფიციალური ინფორმაცია თურქეთიდან - 36 დაღუპული, 140-ზე მეტი დაშავებული

Getty

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული პირების მიერ სროლამ და აფეთქებებმა ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 36 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა 140-ზე მეტი.

სამმა თავდამსხმელმა ტერმინალის გარეთ და შიგნით სროლა დაიწყო და მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა, თავი აიფეთქა.

პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით, წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ მომხდარის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო დგას. თუმცა, ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით კი, ეს შემთხვევა გარდამტეხი უნდა იყოს დაჯგუფებების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლასთან მიმართებით. "ბომბები, რომლებიც დღეს სტამბოლში აფეთქდა, ნებისმიერ აეროპორტში მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში შეიძლებოდა, აფეთქებულიყო", - ამბობს ის.

აშშ-მა მომხდარს "საზარელი" უწოდა და აღინიშნა, რომ ამერიკა თურქეთის მტკიცე მხარდამჭერია.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მწუხარება გამოთქვა მსხვერპლის გამო და აღნიშნა, რომ გერმანია თურქეთს მხარში უდგას.

თურქეთში ტერაქტები ბოლო დროს ინტენსიურად ხდება, მათ უკან ან ქურთული დაჯგუფება TAK დგას ან ე.წ. ისლამური სახელმწიფო. ბოლო დროს მომხდარი ტერაქტები:

2016

7 ივნისი, სტამბოლი: მანქანის აფეთქების შედეგად პოლიციის 7 ოფიცერი და 4 მოქალაქე დაიღუპნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთულმა შეიარაღებულმა დაჯგუფება TAK-მა აიღო.

19 მარტი, სტამბოლი: თვითმკვლელის მიერ აფეთქებამ ისთიქლალზე 4 ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარში ე.წ. ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულეს.

13 მარტი, ანკარა: მანქანის აფეთქებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთულმა შეიარაღებულმა დაჯგუფება TAK-მა აიღო.

17 თებერვალი, ანკარა: სამხედრო ავტობუსებზე თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა TAK-მა აიღო.

12 იანვარი, სტამბოლი: ტურისტულ ადგილას აფეთქების შედეგად 11 გერმანელი დაიღუპა.

2015

23 დეკემბერი, სტამბოლი: საბიჰა გოქჩენის აეროპორტში აფეთქებამ დამლაგებელი იმსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა TAK-მა აიღო.

10 ოქტომბერი, ანკარა: მშვიდობიან აქციაზე აფეთქებებმა 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

20 ივლისი, სირიის საზღვართან ახლოს: აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. მომხდარში ე.წ. ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულეს.

კომენტარები