აფეთქება სტამბოლში

ილია II: ტერორისტებს და ტერორიზმს არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ აქვს

ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მის ყოვლადუწმიდესობას ბართლომეოს პირველს, კონსტანტინეპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს სამძიმრის წერილს უგზავნის.

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ცნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ. ყველა შეძრა მომხდარმა, მათ შორის საქართველოს მოსახლეობაც. ტერორისტებს და ტერორიზმს არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ აქვს, იგი უსახოა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის. ქრისტესმიერი სიყვარულით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის ტექსტში.

ილია მეორე სამძიმრის წერილს უგზავნის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც.

„თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა. სამწუხაროა, რომ ასეთი საშიშროება ყველას წინაშე დგას და სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ აღიკვეთონ ჩვენი დროის ეს უმძიმესი გამოწვევა. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ტექსტში.

თურქეთის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 239 დაშავდა. აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა და შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. Reuters-ის ინფორმაციით, ორივე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს.

კომენტარები