რუსთავი 2-ის საქმე

სააპელაციო რ2-ზე: ვმოქმედებდით კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის გადაწყვეტილების ნაადრევად გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ვალდებულია, მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებისთვის გადასაცემად. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული ვალდებულება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ შეასრულა 12 დღის ვადაში, რითაც სრულად დაიცვა კანონის მითითებული მოთხოვნა.

"259(1)-ე მუხლი, რომელზეც მხარის მიერ ხდება მითითება, წარმოადგენს სპეციალურ მუხლს, სადაც განსაზღვრულია მხარის მხოლოდ ვალდებულება გამოცხადდეს სასამართლოში არაუადრეს 21 და არაუგვიანეს 30 დღისა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად და თუ იგი თავს აარიდებს ამ მოვალეობას, გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად და დაიწყება ვადის ათვლა 30-ე დღიდან. 259(1)-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, თუ რა კატეგორიის მხარეებთან მიმართებაშია ვალდებული სასამართლო, გაუგზავნოს სასამართლო გადაწყვეტილება, რაც არანაირად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გაუგზავნოს ნებისმიერ სხვა მხარეს, მით უფრო თუ იგი 21 დღეზე ადრე იქნა მომზადებული. ამასთან, კანონში არ არსებობს ამკრძალავი ნორმა, რომელიც მოსამართლეს უზღუდავს უფლებას გაუგზავნოს კორესპონდენციები მხარეებს მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება", - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძემ 10 ივნისს, გადაწყვეტილების გამოცხადების 3 წუთსა და 22 წამში თქვა, რომ მხარეს გადაწყვეტილება უნდა ჩაბარებოდა არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეში.

"განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. დასაბუთებულ განჩინებას სასამართლო ჩაგაბარებთ",- გამოაცხადა ნატა ნაზღაიძემ პროცესზე.

სააპელაციო სასამართლო განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა 21 დღითაა განსაზღვრული და "მისი დინება იწყება გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან ან იმ მომენტიდან, როდესაც მოსამართლე გამოაცხადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამას ესწრება მხარე. ორივე შემთხვევაში ფუნდამენტალური ღირებულებაა მხარეს ჰქონდეს 21 დღე მას შემდეგ, როდესაც დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გაეცნობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა. შესაბამისად, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ მხარეებს გასაჩივრების ვადის დინება ეწყებათ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, მაშინ როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მათ აქვთ 21 დღე, რაც შეიძლება მოსამართლის დისკრეციით განხორციელდეს საქმის განხილვის დასრულებიდან ნებისმიერ გონივრულ დროს და აქედან დაიწყოს ვადის ათვლა.

რაც შეეხება 70-78 მუხლებით დადგენილ წესს, გვინდა, საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ტელეკომპანია "საქართველო" არ იმყოფებოდა საქმეში მითითებულ მისამართზე; მისმა ყველა წარმომადგენელმა (პირადად და/ან ოფისის წარმომადგენლების მიერ) უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, რაც 75-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 76-ე მუხლების შესაბამისად ითვლება არასაპატიოდ და/ან წარმოადგენს უარის თქმას. ასევე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მართლმსაჯულების ეფექტურობას და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს კანონით განსაზღვრულ ვადებში და არ აჭიანურებს პროცესს, ფასდება ყოველთვის სასამართლოს პოზიტივად და სრულიად უსაფუძვლოა იმის მცდელობა, რომ აღნიშნული შეფასდეს, როგორც სასამართლოს გაუმართლებელი ქმედება", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სააპელაციო სასამართლო განცხადებაში აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში ის მოქმედებდა საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით და ყოველგვარი საუბარი, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ქმედება გასულია კანონის ჩარჩოებიდან, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს სასამართლოს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

კომენტარები