რუსთავი 2-ის საქმე

TI რ2-ზე: დასტურდება ეჭვი სასამართლოზე პოლიტიკურ გავლენასთან დაკავშირებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს რუსთავი 2-ის სასამართლო დავის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც, ორგანიზაციის მოსაზრებით, აღნიშნულ პროცესში პოლიტიკური ინტერესისა და გავლენის არსებობაზე მიუთითებენ. კერძოდ, TI საუბრობს სასამართლოს მიერ პროცესის მიზანმიმართულად დაჩქარებაზე, რომლის შედეგი, ორგანიზაციის განცხადებით, "რუსთავის 2"-ისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საერთო ვადის შემცირებაა.

"სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, დაჩქარებული წესით ტელეკომპანიის საქმის გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა მხარეებს, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების ჩაბარება არ არის სასამართლოს ვალდებულება და ის თავად მხარემ სასამართლოში მისვლის გზით უნდა ჩაიბაროს. სასამართლოს ამგვარი ქმედება შესაძლოა, ემსახურებოდეს მხარის შესაძლებლობის შეზღუდვას, მაქსიმალურად გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და გადაწყვეტილების გასაჩივრება ვადის სრულად გამოყენების შემდგომ მოახდინოს. შესაბამისად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ქმედებით "რუსთავის 2"-ს შესაძლებელზე 18 დღით ნაკლები ვადა განესაზღვრა გადაწყვეტილების უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებისთვის.

მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად: "თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია."

კანონმდებლობის მიხედვით, მხარეთა უფლებაა, სრულად გამოიყენონ მოცემული ვადა და გადაწყვეტილება 20-დან 30 დღემდე პერიოდის განმავლობაში, მათ შორის 30-ე დღეს ჩაიბარონ. "რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე ძმები ყარამანაშვილების, და ტელეკომპანია "საქართველოს" ადვოკატების განცხადებით, მათი მხარე სწორედ ამას გეგმავდა, რათა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა რაც შეიძლება გვიან დაწყებულიყო", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთ მოკლე ვადაში გადაწყვეტილების დასაბუთების მომზადება და ამ გადაწყვეტილების პროაქტიულად ჩაბარება უპრეცედენტო ფაქტია. "სასამართლოს ასეთი ქმედება არც ერთ სხვა საქმეზე არ განუხორციელებია. ამ, და განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში, საქმის მოსმენისას დაფიქსირებული დარღვევების ფონზე, დასტურდება ეჭვი სასამართლოს საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რაც, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. წინასაარჩევნოდ, ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა, შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს ქვეყანაში პლურალისტულ მედიაგარემოს და დემოკრატიის ხარისხს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები