ვანო მერაბიშვილის საქმე

ოთარ ფარცხალაძე: ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანა მოელანდა!

ოთარ ფარცხალაძე

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტკრიპტუმმა, ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან, ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

ფარცხალაძე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანა მოელანდა: "რამდენ პატიმარს მოელანდება ახლა რომ მთავარი პროკურორი... ასმა პატიმარმა რომ თქვას ახლა, რომ ოთარ ფარცხალაძე შემხვდაო... ვანო მერაბიშვილს მოელანდა! ვფიქრობ არა, მოელანდა!", - თქვა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ფარცხალაძე ამბობს, რომ თუ მათ დარჩათ განცდა, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა სიმართლეს შეესაბამება "დარჩათ და დარჩეთ!".

ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ მას ვერ დააკავებენ, გამოძიება კი, თუ დაიწყება, შეწყდება: "არა! ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი რომ დამაკავონ. ერთადერთი, თუ დაიწყო გამოძიება, არ ვიცი ეგეც, ტელევიზიით მოვისმინე, ნუ, ვითანამშრომლებ ყველანაირად. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, შესაბამისად, როგორც დაიწყება, შეწყდება ალბათ ისევ".

მან ასევე თქვა, რომ, ექსპრემიერ "ბიძინა ივანიშვილთან მაქვს ახლო ურთიერთობა და მექნება ყოველთვის".

კითხვაზე, როგორ გამოიძიებს მის შესაძლო დანაშაულს მოქმედი მთავარი პროკურორი შოთაძე, რომელთანაც, მისივე თქმით, ის მეგობრობს, ფარცხალაძე პასუხობს: "ჩვეულებრივ გამოიძიებს, როგორც იძიებს შოთაძე ყველა საქმეს. რა მნიშვნელობა აქვს მაგას. არაფერი მნიშვნელობა მაგას არ აქვს, ჩემი მეგობარია თუ არა! შოთაძე არის პატიოსანი და წესიერი კაცი და გამოიძიებს ყველაფერს ობიექტურად".

პოსტკრიპტუმის კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის ციხიდან გაიყვანეს და მასთან მიიყვანეს, ფარცხალაძემ ჯერ თქვა, რომ ამ კითხვით ჟურნალისტმა პროკურატურას უნდა მიმართონ, ხოლო შეხსენების შემდეგ, რომ პროკურორი იმ დროს თავად იყო, თქვა, რომ ეს საკითხი მისთვის "უინტერესო იყო".

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლო მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.

კერძოდ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.3 და 18 მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების ან შეუძლებლად გახდომის მიზნით პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე.

ამასთან, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია.

კომენტარები