NDI-ის კვლევა

NDI: კორცხელის ინციდენტი განსაკუთრებულად შემაშფოთებელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ანგარიშის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შესაძლო ძალადობა და დაშინებაა. დელეგაცია თბილისში 13-17 ივნისის პერიოდში შეხვედრებს მართავდა. ვიზიტის მიზანი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება იყო.

"ყურადსაღებია 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს კორცხელში მომხდარი განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ინციდენტი. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტები, ასევე ჟურნალისტები ცემეს. დაშავებულებმა და მათ, ვინც ეს ინციდენტი გაანალიზა (რომელიც კარგად იყო აღბეჭდილი ვიდეოზე) აღნიშნეს, რომ ამ ინციდენტს კარგად კოორდინირებული და წინასწარ დაგეგმილი თავდასხმის ნიშნები ჰქონდა. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საჯაროდ დაგმეს აღნიშნული დაპირისპირება, ისევე, როგორც პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. თუმცა მთავრობისა და მმართველი პარტიის ზოგიერთმა თანამდებობის პირმა მწვავე საჯარო განცხადებები გააკეთა, რითაც მოხდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და ფაქტების არასწორად წარმოჩენა. ეს არ უწყობს ხელს დაძაბულობის განმუხტვას", - წერია დოკუმენტში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქალები ხშირად არიან დაშინების მსხვერპლნი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ერთ-ერთ თვითმმართველ ქალაქში მერობის ერთადერთმა ქალმა კანდიდატმა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ამის მიზეზად მასზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. 

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ფარულად და უკანონოდ გადაღებული მაკომპრომეტირებელი ვიდეოების ინტერნეტში გამოქვეყნებაზეც. NDI-ის მისიის შეფასებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნების მიზანი პოლიტიკოსებისა და იმ ინსტიტუტების დისკრედიტაციაა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ასევე პოლიტიკაში მონაწილეობის მსურველთათვის მოტივაციის წართმევაა.

NDI-ის დელეგაციის რეკომენდაციები:

 სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაიცვან შეკრების თავისუფლება საკმარისი დაცვის უზრუნველყოფით, რათა განმუხტონ დაძაბულობა და თავიდან აიცილონ ძალადობა;

 პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განახორციელონ საკუთარი ინიციატივები, რომ მიაღწიონ შეთანხმებას საარჩევნო კამპანიის დროს ქცევის კოდექსთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერებმა თავიანთ აქტივისტებსა და კანდიდატებს უნდა შეატყობინონ, რომ მათგან ამ კოდექსის დაცვას მოელიან. მათ უნდა ჩაატარონ საჯარო პრეზენტაცია, სადაც გამოაცხადებენ, რომ უერთდებიან კოდექსს, რაც ელექტორატისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება;

 პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დაგმონ მხარდამჭერების მიერ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება და ინციდენტების გამოძიებისას ხელისუფლების ორგანოებთან ითანამშრომლონ;

 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უნდა გაიარონ ტრენინგი საარჩევნო უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და უნდა იყვნენ გადანაწილებულნი მაღალი რისკის მქონე უბნებში, რათა თავიდან აიცილონ დესტრუქციული ქმედებები ან სწრაფად მოახდინონ მათი განმუხტვა და გაზარდონ ნდობა;

 უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა ითანამშრომლონ ძალადობის ფაქტების მონიტორინგისა და შემთხვევების გამოვლენის პროცესში. ეს მონაცემები შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ზოგადი ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის, ჭორების გაფანტვისა და ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით.

კომენტარები