ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძე ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის იმ განცხადებას აფასებს, რომელიც ივანე მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დასკვნას შეეხება. კალაძის თქმით, "ევროსასამართლომ ბეჭედი დაუსვა, რომ მერაბიშვილი კანონიერი პატიმარია".
"ჩვენ ვიცოდით კახა კალაძის კომპენტენციის შესახებ ენერგეტიკაში, როდესაც მას გაზპრომი შემოჰყავდა საქართველოში, რათა მასზე დამოკიდებული გამხდარიყო ჩვენი ენერგეტიკა.
საზოგადოებამ ასევე შეიტყო, რომ მას შეძლებია სპორტსმენების მომზადება, რათა შემდგომ პოლიტიკოსები ეცემათ და მოეწყოთ ძალადობა, რაც კორცხელში ვიხილეთ, მაგრამ ახლა შევიტყვეთ, რომ მას თურმე ევროპული ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია სცოდნია და იურიდიულ დეტალებს იცნობს. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა, მე ვურჩევ კალაძეს, რომ გაეცნოს სასამართლოს გადაწყვეტილების 106-ე და 107-ე პუნქტებს, სადაც ცხადადაა მოცემული, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, მთელი მისი პატიმრობა ემსახურებოდა არა სამართლებრივ მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მოტივაციას. კერძოდ, მიზნად ისახავდა მისგან ინფორმაციის გამოძალვას და ამას ახორციელებდა უმაღლესი თანამდებობის პირი - მთავარი პროკურორი, ხელს აფარებდნენ პრემიერი, სასჯელაღსრულების მინისტრი.
მთავრობა, ნაცვლად ასეთი კომენტარებისა, სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიოში საქართველოს იმიჯს ეხება", - ამბობს კახიძე.





