ვანო მერაბიშვილის საქმე

კალაძე: ევროსასამართლომ ბეჭედი დაუსვა, რომ მერაბიშვილი კანონიერი პატიმარია

facebook.com/kakhakaladzeofficial

ვიცეპრემიერ კახა კალაძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილი კანონიერი პატიმარია.

"კიდევ ერთხელ ბეჭედი დაესვა, რომ ვანო მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი, მას აქვს დანაშაული იმ კონკრეტულ საქმეებში, რომელიც ჰქონდა წაყენებული. სასამართლომ გამოიტანა სწორი განაჩენი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნაციონალური მოძრაობისთვის იყო ძალიან დიდი შოკი, რადგან ფაქტიურად სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო." - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლო მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.
 
კერძოდ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.3 და 18 მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების ან შეუძლებლად გახდომის მიზნით პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე.

კომენტარები