ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი: აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად ცნო. თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მომავალ წელს შევა ძალაში.

„ივანე მერაბიშვილის საქმეზე დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც არის 4 ნაწილი, რაც შეეხება დარღვევის და არდარღვევის ნაწილს - ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან რეალობაც არის ასეთი - სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ, ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს, მით უმეტეს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სახეზე იყო მაისურაძის გვარზე გაცემული მერაბიშვილის გაყალბებული პასპორტი. რაც შეეხება დარღვევებს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ერთ-ერთი გადაწყვეტილება 2013 წლის სექტემბრისა, რომელიც ქართველმა მოსამართლემ ზეპირად, ერთი ფრაზით გამოიტანა, წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის შესახებ, იყო არასაკმარისად დასაბუთებული და ეს ჩაითვალა დარღვევად. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, თითქოსდა 2014 წლის დეკემბერში ის მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, არ იყო გამოძიებული და ამიტომ, „ალბათ, არის მე-18 მუხლის დარღვევა, ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება, სხვა მიზნებიც ჰქონოდა მის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას". აი, ეს არის მთლიანობაში. მთავარია, რომ ის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დასრულდა 2 წლის წინ, კანონიერად არის აღიარებული. გაჩნდა კითხვის ნიშანი ფარცხალაძის ეპიზოდთან, რომელიც გამოსაძიებელი იქნება აუცილებლად. რაც შეეხება თანხის ნაწილს - ივანე მერაბიშვილი ითხოვდა 15 000 ევროს, მას მიანიჭეს 4 000 ევრო; ოთარ კახიძე ითხოვდა 15 000 ევროს საადვოკატო მომსახურებისათვის და მას მიანიჭეს ასევე 4 000 ევრო. ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, ის შევა ძალაში მხოლოდ აგვისტოში და ისიც, თუ მე მას არ გავასაჩივრებ, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი და სახელმწიფო უწყება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს. მაგრამ, ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ამიტომ, როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, წინასწარ არ ვიცი, ალბათ ეს იქნება გაისად", - განაცხადა წულუკიანმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლო მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ ასევე პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.

კომენტარები