ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ივანიშვილი: ხიფათში ენმ-ს მობრუნებას არ ვგულისხმობდი, მათ ამის რესურსი არ აქვთ

ტაბულა

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების რესურსი არ აქვს. მას ტაბულამ ჰკითხა, თუ ფიქრობს, რომ არსებობს ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების ხიფათი, მაშინ რა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ენმ-ს არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. "უკან შემობრუნების" საფრთხეზე ივანიშვილმა 7 ივნისის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ზუსტად ესე არ ვგულისხმობდი, თუმცა, ასეთი ინტერპრეტაცია მისცეს. როცა ვსაუბრობდი ხიფათზე, მე არ მქონდა მხედველობაში ის, რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება და მობრუნდება. მათ არ აქვთ ამის რესურსი. მე ვსაუბრობდი იმ ხიფათზე ზოგადად, რომ როდესაც ასეთი სხვაობაა დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის, არსებობს ხიფათი იმისა, რომ მოსახლეობა დაიბნეს, სწორად ვერ შეაფასოს და არ შეაფასოს ის ფასეულობები, რაც დანერგა ქართულმა ოცნებამ. შემთხვევით არაფერი არ მომხდარა, რაც არის დღეს. არ გაუჩნდეთ ილუზიები, რომ ახალი ერთკაციანი პარტიები და, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობა რაღაც ფოკუსებს ჩაატარებენ და საოცრებებს გააკეთებენ. არ მოტყუვდნენ და არ გადააფასონ, არ წავიდნენ მცდარი გზით. არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, ნათელაშვილები, კუკავები - რამდენი ერთკაციანი პარტიაა და მათ შეუძლიათ ამ ფონზე, როცა დიდი სხვაობაა, როცა ყველას ყველაფრის გამოთქმის უფლება აქვს, ქმედების, ქუჩაში გამოსვლის, მოსახლეობა დააბნიონ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გაჭირვებულია", - თქვა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით "გაცილებით ახლოს არის ევროპასთან", ხოლო ეკონომიკური დონით - ექვსჯერ ჩამორჩება.

"არაორდინალური შემთხვევაა. ვერ ნახავთ ისტორიაში და ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ ქვეყანას მსგავსი ეკონომიკის მქონეს. ეს ეკონომიკა რომ ასეთია, არ არის არც ჩემი ბრალი და არც დღევანდელი ხელისუფლების. უფრო მეტი ბრალეულობა აქ არის ჩვენი უახლესი ისტორიის და არა მხოლოდ 20-25 წლის, უფრო შორეულის, თუ გნებავთ. შემდეგ ის გარდაქმნები, რაც მოხდა, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, დაინგრა ის კოოპერაციული დამოკიდებულება ეკონომიკებსა და ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ხელისუფლებაც, რომელსაც არც პრაქტიკა ჰქონდა, არც გამოცდილება და გახსოვთ, რაც მოხდა, სამოქალაქო ომი მოვახერხეთ, იმის შემდგომ კიდევ გაღრმავდა, ბოლოს ყველაზე დიდი უბედურება - ნაციონალური მოძრაობა მივიღეთ, და საერთოდ, დიქტატურის მშენებლობა დაიწყეს ამ დაუძლურებულ სახელმწიფოში. და ყველაფერი ეს არის შედეგი იმისა, რომ გვაქვს ასეთი ეკონომიკა, თუმცა, უფრო ადრეულია და მარტო ნაციონალურ მოძრაობას არ მივაწერ, ნახეთ, როგორი ექსკურსი გავაკეთე", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები