ნეპოტიზმი

ენმ: ივანიშვილის ხელდასმით, თენგიზ ჯიქია იქცა რუსთავის არაფორმალურ მმართველად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქალაქ რუსთავში ნეპოტიზმზე საუბრობს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ენმ-ის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა მმართველობის სქემა გაასაჯაროვა. მისი თქმით, სქემას სათავეში უდგას შპს ბურჯის ტექნიკური დირექტორი თენგიზ ჯიქია. ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ მისი შვილები დავით და სოფო ჯიქიები არიან, შესაბამისად, ქალაქის მერი და მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი. გარდა ამისა, საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელია სოფო ჯიქიას ქმარი. ამასთან, მამუკა ჩიქოვანი სქემაში კლასელების და მეგობრების ჩართულობაზეც საუბრობს. მისი შეფასებით, "ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან საშიში და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი მმართველობის მექანიზმი, რომელიც, რა თქმა უნდა, საფუძველს იღებს ქვეყნის არაფორმალური მმართველის, პირადად ივანიშვილის ხელდასმით". 

"მოგეხსენებათ, მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მიიღოს მომსახურება თვითმმართველობიდან, სახელმწიფო ორგანოებიდან, რამდენიმე ორგანოს შეუძლია მიმართოს, რომელიც, იდეაში, უნდა იყოს ერთმანეთის მონიტორინგის მატარებელი და მონიტორინგის უფლების მფლობელი. აქ გვაქვს სამი ორგანო - 1. ქალაქის მერია და მერი დავით ჯიქია, რომელიც არის თენგიზ ჯიქიას ერთ-ერთი შვილი; 2.მაჟორიტარის ბიურო, სადაც მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს თავისი ინტერესების დასაცავად. ამ ორგანოს ხელმძღვანელი, მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი არის დავით ჯიქიას და, ასევე თენგიზ ჯიქიას შვილი, სოფო ჯიქია; 3. საკრებულო, სადაც მისულ ნებისმიერ მოქალაქეს დახვდება სოფო ჯიქიას მეუღლე, ანუ ბატონი თენგიზის სიძე, ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელი, რომლის მონაწილეობის გარეშე, პრაქტიკულად, არცერთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და საკრებულოს ვერც ერთი თანამშრომელი, ვერც ერთი ხლმძღვანელი პირი ვერ იღებს გადაწყვეტილებას მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე.

ამ სქემაში, სახეზე გვაქვს ტიპური კლანური მმართველობის ძალიან მყარი საფუძვლები. პრინციპში, თენგიზ ჯიქია, საკუთარ შვილს ხომ არ შეაწმენდს ხელს, ამიტომ სქემაში ჩნდება თენგიზ ჯიქიას ბავშვობის მეგობარი, ბიზნესპარტნიორი ნოდარ შეროზია, რომელიც ამჟამად არის მერის მოადგილის პოზიციაზე და უშუალოდ კურირებს ხელშეკრულებებსა და კორუფციული გარიგებების სქემას.

მასზე არის სრულად აწყობილი ეს მანკიერი და კორუფციული გარიგება, რომელიც ამჟამად ქალაქში მიმდინარეობს. ქვედა დონეზე თქვენ ხედავთ ძალიან დიდ ჩამონათვალს და სწორედ ამ ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული ადგილობრივი თვითმმართველობა, სადაც მოყვებიან დავით ჯიქიას, სოფო ჯიქიას, მამუკა მიქაუტაძის (სიძის) მეგობრები, ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანები. ერთი არის მერის მოადგილე, თემურ ლობჟანიძე, მერის მრჩეველი, IT ცენტრის უფროსი გიგა ჯღარკავა. ასევე არის დის კლანი, ასევე გვაქვს კლასელების ძალიან დიდი ჩამონათვალი - დავით ჩაჩხიანი, სოციალური სამსახურის უფროსი; ზედამხედველობის უფროსი, კუპატაძე და ა. შ. ეს ჩამონათვალი არის ძალიან დიდი.

ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან საშიში და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი მმართველობის მექანიზმი, რომელიც, რა თქმა უნდა, საფუძველს იღებს ქვეყნის არაფორმალური მმართველის, პირადად ივანიშვილის ხელდასმით. სწორედ ის არის იდეის მიმცემი ამ მმართველობის შეთავაზების. სწორედ მსგავსი მმართველობის სქემაა ერთ-ერთი მთავარი პირობა იმის, რომ ქვეყანა პრაქტიკულად გაჩერებულია, დღეს ქვეყანაში განვითარების არანაირი ნიშნები არ არსებობს და სწორედ ამ სქემის გამოა, რომ დღეს ყოველდღიურად მატულობს უმუშევართა რაოდენობა, ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილებს.

რუსთავი გახდა ადგილი, სადაც ეკონომიკური მაჩვენებელი არის ყველაზე დაბალი, სხვა დიდ ქალაქებთან, რაიონულ ცენტრებთან შედარებით. ვფიქრობ, რომ ამ ფეოდალურ მმართველობას მომავალი არ აქვს, განვითარება არ აქვს. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერს მსგავს მანკიერ მმართველობას წერტილი დაესმევა და 8 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა განაგრძობს განვითარების გზით სვლას.

დღეს იმის იმედი, რომ ამ სქემის წარდგენით რაიმე სახის რეაგირებას მივიღებთ რომელიმე სახელისუფლებო ორგანოდან, მთავრობისგან, მთავრობის მეთაურისგან, პრაქტიკულად ჩვენ და დარწმუნებული ვარ, არცერთ მოქალაქეს არ გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ ამ სქემის მმართველი არის ქვეყნის სათავეში და ეს არის ბატონი ივანიშვილი, რამეთუ იგი არის არაფორმალური მმართველი, იგი არის მაგალითის მიმცემი და თენგიზ ჯიქია იქცა რუსთავის არაფორმალურ მმართველად.

თენგიზ ჯიქია ითვლება დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითად, მოურავად და ეს არაფორმალური მმართველობის ვერტიკალი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. სწორედ აქედან გამომდინარე, არ გვაქვს იმედი, რომ რომელიმე უწყება რაიმე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, ისინი, პრემიერმინისტრით დამთავრებული, არიან ბიძინა ივანიშვილის მარიონეტები, შესაბამისად - ვერანაირი სასიკეთო ნაბიჯის გადამდგმელები ისინი ვერ არიან. ერთადერთი ამის გამოსავალი არის 8 ოქტომბერი. დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერს ის მოქალაქეები, ვინც ვერ იღებენ მომსახურებას, ვერ პოულობენ სამართალს, გასცემენ პასუხს და ამ მმართველობას წერტილი დაესმება", - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

კომენტარები