ნეპოტიზმი

ქობულეთის სანდასუფთავების უფროსი გადააყენეს - მიზეზი "მედიასთან ცუდი ტონია" და არა ნეპოტიზმი

ტვ 25

ქობულეთის მერიის მიერ დაფუძნებული "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. სულიკო ბლადაძის გადაყენების გადაწყვეტილება მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ტვ 25-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ბლადაძე ამბობს, რომ კომპანიაში დაასაქმა როგორც თავისი ძმა, ასევე ცოლის ძმა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთის მერმა ეს გადაწყვეტილება მიიღო არა ნეპოტიზმის ან სავარაუდოდ, ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტულად ურთიერთობის გამო.

"მის მიერ იქნა შემოთავაზებული ინიციატივა, რომ ის მიიღებდა გადაწყვეტილებას და მისი ინიციატივა იქნებოდა, რომ დატოვებდა "სანდასუფთავების" სამსახურის დირექტორის თანამდებობას. ეს ინიციატივა ჩვენ მიერ იქნა გაზიარებული, მხარეთა შეთანხმებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული იმის შესახებ, რომ სულიკო ბლადაძე დროებით გათავისუფლდა. შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს ამ არასამეწარმეო იურიდიულ პირში, სულ მალე იქნება წარმოდგენილი დასკვნა ამ და სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია საინტერესო იყოს ჩვენთვის", - ამბობს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ ტვ 25-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპ "ქობულეთის სანდასუფთავებაში" 15-მდე თანამშრომელი ფაქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. მათ შორის არის სანდასუფთავების უფროსის ძმაც - ნუგზარ ბლადაძე. ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის ყოველდღე სახლშია და არ მუშაობს, თუმცა ხელფასის სახით 750 ლარს იღებს.

"არავის ხარჯზე არ დამისაქმებია ჩემი ძმა, ვინმე არ გამიშვია და არ მომიყვანია ჩემი ძმა, ამას ვერავინ იტყვის. ჩემი ძმა ყოველთვის დადის სამსახურში, "დაჟე" შვებულებას მთხოვს და ვერ ვუშვებ, რადგან ახლა ზაფხულის სეზონი მეწყება", - უთხრა ტვ 25-ს სანდასუფთავების უფროსმა.

ამასთან, ის ადასტურებს ცოლის ძმის დასაქმებასაც, თუმცა, მისი აზრით, ეს ნეპოტიზმი არ არის.

"რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?", - უთხრა ბლადაძემ ტვ 25-ის ჟურნალისტს.

კომენტარები