ნეპოტიზმი

ევროპული საქართველო მუნიციპალიტეტებში ნეპოტიზმის ფაქტებს ასაჯაროებს

ევროპული საქართველო მუნიციპალიტეტებში ნეპოტიზმის ფაქტებს ასაჯაროებს. პარტიის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ერთ დღეში მოპოვებული ფაქტებიც კი შემაშფოთებელია. პარტიამ მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში 15 ადამიანი სავარაუდოდ ნათესაური ნიშნით ფიქტიურად იყო დასაქმებული. ნადირაშვილის ტქმით ოცნება ამ ადამიანების უხდის ხელფასს გადასახადების გადამხდელების ფულიდან, ისინი კი მზად არისნ ყველა არჩევნებზე ოცნების სასურველი კანდიდატი შემოხაზონ. 

"მინდა გამოვეხმაურო ფაქტს, რომელიც მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ძალიან მოკლე კვლევამაც კი დაადასტურა, რომ არსებობს 15 ადამიანი, პატარა სამსახურში, ვინც არ ასრულებს თავის მოვალეობას და ისე იღებს ხელფასს გადასახადების გადამხდელების ფულიდან. ეს ფაქტი არის საგანგაშო, ასეთი ფაქტები გამოვლინდა ამ პატარა სამსახურში და ეს მიგვანიშნებს, იმაზე, რომ ჩატარდეს მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი კვლევა, ჩვენ ალბათ მივიღებთ ძალიან მძიმე შედეგებს და შესაბამისად არ იქნება არცერთი რაიონი, სადაც ადამიანები აჰყვათ პროფესიული ნიშნით და მათი სამსახურებრივი ჩვევებისა და დამსახურების მიხედვით. ოცნება მოქმედებს პრინციპით, კადრების შერჩევისას, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის და ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც კადრების შერჩევა ხდება სწორედ ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების და ასე შემდეგ პრინციპით. ქობულეთის შემთხვევის შემდეგ შევეცადეთ მოგვეკითხა თუ რა ვითარებაა ნეპოტიზმის მხრივ სხვადასხვა რაიონებში და წარმოგიდგენთ იმ ფაქტებს რაც ძალიან მოკლე დროში მოვიპოვეთ, რაც იმის დასტურია, რომ ქობულეთი არ არის გამონაკლისი და ყველა რაიონში ნეპოტიზმის და კორუფციის პრობლემა დგას ძალიან მწვავედ," - ამბობს ნადირაშვილი.

ევროპული საქართველოს მიერ მოპოვებული ნეპოტიზმის ფაქტები:

რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას , მერიის ყველაზე დიდ ბიუჯეტიან განყოფილებაში ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსად დასაქმებული ჰყავს საკუთარი ბიძაშვილი - ზურა ტაბაღუა.

იმერეთის გუბერნატორის ყოფილ პირველ მოადგილეს გრიგოლ დალაქიშვილს მეუღლე დანიშნული ყავს ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ შპს ‘’ პოლიკლინიკის ‘’ დირექტორად.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სიდედრი მაია ფოფხაძე ქუთაისის #58 -ე საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა.

ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდული საქმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძემ მეუღლე მარიამ ჯანელიძე #63-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარედ დაასაქმა.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის რამაზ ჩხიკვაძემ , ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორად,მისი ძმა ზაზა ჩხიკვაძე დანიშნა.

თელავის მერს მოადგილეებად დანიშნული ყავს მეუღლის ახლო ნათესავები

ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას ბაღების აიპის ხელმძღვანელად დანიშბული ჰყავს მეუღლე , ასევე დისშვილი, და , ბიძა . საკრებულოსა კეთილმწოყობის სამსახურებში .

საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეს ლუკა კანკავას გამგეობაში ყავს დასაქმებული თბილისის მერის კახი კალაძის მეუღლის დეიდაშვილი მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ კი კალაძის მეუღლის ბიძა.

ტვ 25-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპ "ქობულეთის სანდასუფთავებაში" 15-მდე თანამშრომელი ფაქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. მათ შორის არის სანდასუფთავების უფროსის ძმაც - ნუგზარ ბლადაძე. ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის ყოველდღე სახლშია და არ მუშაობს, თუმცა ხელფასის სახით 750 ლარს იღებს.

"არავის ხარჯზე არ დამისაქმებია ჩემი ძმა, ვინმე არ გამიშვია და არ მომიყვანია ჩემი ძმა, ამას ვერავინ იტყვის. ჩემი ძმა ყოველთვის დადის სამსახურში, "დაჟე" შვებულებას მთხოვს და ვერ ვუშვებ, რადგან ახლა ზაფხულის სეზონი მეწყება", - უთხრა ტვ 25-ს სანდასუფთავების უფროსმა.

ამასთან, ის ადასტურებს ცოლის ძმის დასაქმებასაც, თუმცა, მისი აზრით, ეს ნეპოტიზმი არ არის.

"რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?", - უთხრა ბლადაძემ ტვ 25-ის ჟურნალისტს.

დღეს, 5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთის მერმა ეს გადაწყვეტილება მიიღო არა ნეპოტიზმის ან სავარაუდოდ, ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტულად ურთიერთობის გამო. საქმეზე გამოძიება არის დაწყებული. 

კომენტარები