მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

პრემიერი: ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს

საქართველოს მთავრობა

"30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის უმოწყალო მკვლელობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, აბსოლუტურად ამაზრზენი ფაქტია და ამ ფაქტისთვის პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას - რუსეთს უნდა დაეკისროს", - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"დღეს მოვინახულე მსხვერპლის ოჯახი და დედა. ამ ადამიანებისთვის რამის თქმა რთულია, რადგან ისინი არსებულ სიტუაციას ემსხვერპლნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთის ფედერაციის აქტივობის შედეგია. ამდენად, ჩვენ ველოდებით შესაბამის რეაგირებას, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან. სამწუხაროდ, ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მკვლელობაში მონაწილე პირები მიზნად ისახავენ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის უმნიშვნელოვანესი პროცესის ჩაშლას. თუმცა, პრემიერის თქმით, მთავრობა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისას თანმიმდევრული იქნება, ვინაიდან, მისი აზრით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ერთადერთი გამოსავალია.

"ამ კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების აქტივობა, რადგან ნდობის აღდგენის პროცესში ვაწყდებით ისეთ სირთულეებს, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის; საზღვრის გადმოწევა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი გორის რეგიონში ქართველი გლეხების კუთვნილ ბაღებში გავლება. ეს მოვლენები შემაშფოთებელია, რადგან ჩვენ ამ ქმედებებზე ეფექტური პასუხის გაცემა არ შეგვიძლია - ჩვენი პარტნიორების დახმარებით მშვიდობიან, ძალის გამოუყენებლობის პოლიტიკას ვატარებთ. გასული ათწლეულების მანძილზე გაუარესებული ურთიერთობების დათბობა მხოლოდ თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკითაა შესაძლებელი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.

რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო "საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე". შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, "დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც იმყოფებოდა ხიდზე იმ დროს. ჩემთვის საკმარისია ეს ინფორმაცია, რათა მივხვდე, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად მუშაობა მიმდინარეობს".

გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ. 

კომენტარები