მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ბერძენიშვილი: ზაქარეიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწია იქ, სადაც არაფერი იყო საბოდიშო

გოგი თოფაძის ნათქვამების გაანალიზებას მე ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ, ის, ჩემი აზრით, არასოდეს აღარ მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, სულ სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს. მე გული დამწყდა, რომ ასეთად იყო აღქმული, მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილის ძალიან საქმიანი გამოსვლა და მას ბოდიშის მოხდა მოუწია იქ, სადაც არაფერი არ იყო ბოდიშის მოსახდელი. იმიტომ, რომ ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა მას. უბრალოდ სიტყვების შერჩევის დროს, როგორც ჩანს, ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ვინაიდან არიან არაკეთილმოსურნე ადამიანები, რომლებიც გადაგვიტრიალებენ ერთ სიტყვას. თოფაძის შემთხვევაში, გადასატრიალებელი არაფერია - მან თქვა, ერთი კაცის გამო რუსეთს ხომ არ დავუპირისპირდებითო. ეს არ არის მართალი. ერთი კაცის გამო არ ხდება, ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, სტალინის მიერ მილიონებია დახოცილი, ბოლოსდაბოლოს, თოფაძის მსგავსად, ადამიანებს გონება აქვთ გადატრიალებული და ა.შ. ეს არის დიდი დანაშაული, რომელიც რუსეთის იმპერიიდან მომდინარეობს... სამშვიდობო პროცესი არ უნდა შეიცვალოს არცერთ შემთხვევაში, უბრალოდ, ლექსიკა უნდა შეიცვლოს. არ შეიძლება, ადამიანის სიკვდილს ერქვას "ერთი კაცი", იმიტომ რომ იმ ოჯახში ის ერთი კაცი არის ერთადერთი კაცი და თოფაძეს უნდა ესმოდეს, რომ ოჯახის პატრონები ვართ ყველა. ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება, თორემ, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ასეთ ეპიზოდებზე, არამედ უფრო სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა იყოს.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან ქართველი გიგა ოთხოზურიას მკვლელობის შესახებ გოგი თოფაძის და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებზე. ზაქარეიშვილმა თქვა, რომ "ეს არის ერთჯერადი მკვლელობა და არა სისტემური, როგორც ნაციონალების დროს", რაზეც გუშინ მოიბოდიშა. თოფაძის თქმით კი, "ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ასეთი ექსცესები ხდება და ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია, დღეს საჭირო იყოს.”

კომენტარები