კორცხელის ინციდენტი

შსს-ში კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფებიან, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს. შენობაში შესვლამდე მათ განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ, შსს-ს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა მოხდა კორცხელში. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ. მათი თქმით, ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან და კორცხელის საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციას.

მათ გარდა, შსს-სთან იმყოფებიან მათ მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები. ისინი ითხოვენ, რომ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები არ დააკავონ.

კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის, კობა ტყეშელაშვილის თქმით, კორცხელში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დაიწყო პროვოცირება, ქვების სროლა, ბიტების ჩარტყმა, ერთ სპორტსმენს თავიც გაუტყდა და სწორედ, ამას მოჰყვა ჩხუბი.

"მე ვარ ქართული ოცნების წევრი 2012 წლიდან და ამიტომ ვიმყოფებოდი კორცხელში. მანამდე სხვა რეგიონებშიც ვიყავით და იქ ინციდენტი არ მომხდარა, რადგან იქ არ იყო ნიკა მელია. მოვედით შსს-თან, რათა ბრალდებებს გავცეთ პასუხი. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, ამას თვითხილველებიც დაადასტურებენ", - თქვა ტყეშელაშვილმა.

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების დაკითხვა შსს-ში ამ წუთებშიც გრძელდება. სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდამჭერ აქციაზე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში მყოფი სპორტსმენები დააკავეს. თუმცა, როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი დაკითხვა და არავინ დაუკავებიათ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მომხდარზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები.

"ამ ეტაპზე ეს შემიძლია, გითხრათ. უახლოეს საათებში თუ არა, დღეებში ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან უკვე. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. გამოძიება ჯერჯერობით სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, კვალიფიკაცია შეეცვლება და სხვა მუხლით წარიმართება გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - აღნიშნა მღებრიშვილმა.

კომენტარები