საქართველო-სომხეთი

ხიდაშელი: სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიული არაა

ტაბულა

"სომხეთის არჩევანი განსაზღვრავს სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის დონეს - მეგობრულს, სტრატეგიული თანამშრომლობის გარეშე." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აზერბაიჯანში - საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალის დასკვნით პრესკონფერენციაზე. ხიდაშელის თქმით, საქართველოს მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს, თურქეთი კი ნატოს წევრია, ამიტომაც ეს გარემოება საქართველო - თურქეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაზღვრავს, მსგავსი გარემოება კი სომხეთთან მიმართებით არ არსებობს.

"ჩვენ არ ვირჩევთ! არჩევანს არ ვაკეთებთ. მე ერევანში ვიყავი 2016 წლის იანვარში, სადაც ვთქვი, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან... საქართველოს ბევრი მეგობარი, პარტნიორი ჰყავს. ჩვენ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის რეგიონში მშვიდობაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ვიყოთ სტაბილურობის პაქტის ნაწილი, რომ ვიყოთ მშვიდობის ნაწილი. ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან, ის ჩვენი მეზობელია და ჩვენს შორის პრობლემები არ იქნება, მაგრამ, როგორც ვთქვით არსებობს პარტნიორობა, გზა, სადაც ერთად მივდივართ - თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოს ნატოს წევრობა სურს. ეს ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაზღვრავს. სომხეთმა განსხვავებული არჩევანი გააკეთა, ის ევრაზიულ კავშირში შევიდა, ჩვენ იქ შესვლას არ ვაპირებთ. ეს ასევე განსაზღვრავს სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის დონეს - მეგობრულს, სტრატეგიული თანამშრომლობის გარეშე." - ამბობს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელი ასევე ამბობს, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობს, ამიტომაც საქართველოსთვის სომხეთთან ურთიერთობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ურთიერთობა აზერბაიჯანთან.

"ჩვენთან, საქართველოში სომხების დიდი დიასპორა ცხოვრობს, ისეთივე უფლებებით, როგორიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. სწორედ ამიტომ, მათთან მეზობლობა და თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის, ეს ერთადერთი გზაა, რომელიც სამომავლოდ გვესახება. ამ მიმართულებით მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, თუ იქნება განსაზღვრული, რომ საქართველო მიიღონ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და იმუშაონ ჩვენთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან." - აცხადებს ხიდაშელი. 

მინისტერიალის დასკვნით ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ არსებობს ინიციატივა გაიმართოს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

კომენტარები