თავდაცვა

თურქეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შესაძლოა, ერთობლივი წვრთნები ჩაატარონ

REUTERS

თურქეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შესაძლოა, ერთობლივი წვრთნები ჩაატარონ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს. მინისტერიალის დასკვნით ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ არსებობს ინიციატივა გაიმართოს სამი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

"აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის უნარიანობისა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების მიზნით,  ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება. ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე გაზისა და ნავთობის მილსადენების დაცვაში. ვფიქრობ სწორედ ამისთვისაა საჭირო ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარება." - ამბობს ზაქირ ჰასანოვი.

"მინისტრებმა შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამხედრო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამების თაობაზე. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც იმსჯელეს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თინათინ ხიდაშელმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოში მოქმედი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გამოყენება შესთავაზა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში 24-25 მაისს დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძებაზე მოიწვია." - წერია თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

კომენტარები