ზლატან იბრაჰიმოვიჩი

იბრაჰიმოვიჩი PSG-ს ტოვებს: მოვედი, როგორც მეფე, მივდივარ, როგორც ლეგენდა

Reuters

შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს PSG-ს დატოვებს. მისი თქმით, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა ნანტთან მისთვის უკანასკნელი იქნება PSG-ის რიგებში.

"ჩემი უკანასკნელი თამაში - პარკ დე პრინსზე. მოვედი, როგორც მეფე, მივდივარ, როგორც ლეგენდა", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Facebook-ის საშუალებით.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ამ განცხადებამ მსოფლიო პრესის ყურადღება უკვე მიიპყრო. გავრცელებული ცნობებით, მომავალი სეზონიდან ზლატანი მილანში, ინტერში, მანჩესტერში ან ამერიკაში გააგრძელებს თამაშს. ზლატანმა თავის მომავალთან დაკავშირებით, გასულ კვირაში გარკვეული მინიშნებაც გაავრცელა. მან იტალიურ მილანს ყველაზე დიდი კლუბი უწოდა მათ შორის, რომელშიც ოდესმე უთამაშია. ზლატანის თქმით, მან 2012 წელს მილანი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, კლუბის ფინანსური პრობლემების გამო დატოვა.

მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა, რომელიც PSG-ში 2012 წელს მივიდა, წელს მეოთხეჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი. წლევანდელ ჩემპიონატში ის ბომბარდირთა დავაში 36 გოლით ლიდერობს. საფრანგეთის ჩემპიონატში ზლატანი ბოლო მატჩს 14 მაისს გამართავს.

ივნისში კი, იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთში გასამართ ევრო 2016-ზე საკუთარი ქვეყნის შვედეთის ღირსებას დაიცავს.

კომენტარები